მინერალური წყლები

მინერალური წყლები, ბუნებრივი მიწისქვეშა წყლები, რომლებიც თავიანთი ქიმიური შედგენლობით ადამიანის ორგანიზმზე სასარგებლო (სამკურნალო) ზემოქმედებას ახდენს. მ. წ-ის ფორმირება ხდება ინფილტრაციული (ჩაჟონილი ატმ. ნალექები) და სედიმენტაციურ-რელიქტური (ზღვიური აუზის ფსკერის ქანებში შემორჩენილი) წყლების შერევით. მ. წ-ის შედგენილობას ძირითადად განსაზღვრავს ფიზ.-ქიმ., გეოგრ., გეოლ., ბიოლ. და ანთროპოგენური ფაქტორები.

მ. წ-ის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია: ანიონებიდან – HCO3-,Cl-, SO42-, CO32-; კათიონებიდან – Na+, Ca2+, Mg2+, K+, ასევე სილიციუმმჟავა – H2SiO3.

წყლის ქიმ. შედგენილობის გამოსახატავად ხშირად იყენებენ მ. კურლოვის ფორმულას, რ-იც წარმოადგენს ფსევდოწილადს. მის მრიცხველშია ანიონები, ხოლო მნიშვნელში – კათიონები. წილადის წინ წერენ აირებს (CO2, H2S და სხვ.), ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს (Br, I, Fe, As და სხვ.) და საერთო მინერალიზაციას (M) გ/ლ-ობით. მარჯვნივ მოცემულია წყალბადიონების კონცენტრაცია (pH), წყლის ტემპ-რა (T) ცელსიუსის გრადუსობით (°C) და წყაროს ან ჭაბურღილის დებიტი (D) ლიტრობით დღ-ღ-ში.

მაგ., ბორჯომის მინერ. წყლის შედგენილობაა:

                   HCO385Cl 14

CO20,8M6,.0                                                          pH 6.9 T 32°C D1500.

                      Na 88

ფორმულა შემდეგნაირად იკი­თ­­ხება: ნახშირორჟანგიანი ჰიდ­რო-კარბონატული ნატრიუმიანი წყა­ლი, მინერალიზაცია – 6,0 გ/ლ, ტემპ-რა – 32°C, pH– 6.9, დებიტი –1500 ლ/დღ-ღ-ში.

საერთო მინერალიზაციის მი­ხედვით არსებობს: სუსტი, მცირე, საშუალო, მაღალი, ნაჯერი მა­რილ­წყლები და ზენაჯერი მინერალიზაციის წყლები.

ტემპ-რის მიხედვით მ. წ. იყოფა ძლიერ ცივ, ცივ, თბილ, ცხელ და ძლიერ ცხელ წყლებად.

იონური, გაზობრივი და ე. წ. სპეციფ. ელემენტების მიხედვით არსებობს ქლორიდული, ჰიდროკარბო­ნატული, ნახშირორჟანგიანი, აზ­­­­­­ო­­­­­­­­­ტიანი, გოგირდწყალბადიანი, რა­­­დონიანი, იოდურ-ბრომიანი, რკი­ნიანი, დარიშხანიანი და სხვ. მ. წ.

ტერიტ. გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს მ.წ-ის ჰიდროქიმიური ტიპები გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება. კავკასიონის სამხრ. ფერდის ფარგლებში უპირატესად გავრცელებულია ნახშირორჟანგიანი წყლები. ნახშირმჟავა წყლები იცვლება ქლორიდული და სულფატური წყლებით, რ-ებიც თითქმის მთლიანად იკავებს საქართვ. მთათაშუეთის ტერიტორიას, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდ. ნაწილს და ალაზნის დეპრესიას. ამ ადგილმდებარეობისათვის დამახასიათებელია განსხვავებული ტემპ-რისა და მინერალიზაციის ხარისხის მქონე შერეული წყლები (მეთანიანი, აზოტიანი და გოგირდწყალბადიანი).

აჭარა-თრიალეთის ნაოჭა და ართვინ-ბოლნისის ზონებში გვხვდება სუსტად მინერალიზებული, უნახშირმჟავო, უპირატესად ჰიდროსულფიდური (ხშირად – თერმული), ასევე ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული და ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული წყლებიც.

მ. წ. იყოფა ორ ჯგუფად: სასმელი (სამკურნ. და სამკურნ.-სასმელი) და ბალნეოლოგიური (სააბაზანო და სხვ.).

საქართველო გამოირჩევა მ. წ-ის მრავალფეროვნებითა და სიუხვით. აქ გავრცელებუ­ლია როგორც მტკნარი, ისე ძლიერ მინერალიზებული (ცივიც და თერმულიც), თითქმის ყველა სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი გაზის შემცველი წყლები, მ. შ. არის საქვეყნოდ ცნობილი უნიკალური წყლების საბადოები და მათ ბაზაზე მოქმედი კურორტები: ბორჯომი, საირმე, აბასთუმანი, წყალტუბო და სხვ. საქართველოში 2 000-მდე მინერ. წყაროა, მათგან 1700-ზე მეტი ბუნებრივად გამოედინება. მ. წ-ის ბაზაზე მოქმედებს 30-ზე მეტი კურორტი, რ-თა წყალს იყენებენ სამკურნალოდ (აბაზანები, აუზები, შხაპი), სასმელად, ინჰალაციისა და გამოვლებისთვის, აგრეთვე ჰიგიენური მიზნებით; კვების მრეწველობაში – სუფრის სასმელი წყლის სახით.

ამჟამად ბალნეოლოგიური მიზნებით გამოიყენება მ. წ-ის 22 საბადო, ბალნეოლოგიური და სასმელ-სამკურნ. წყლების ჩამოსხმა და მომხმარებლისათვის მიწოდება კი ხდება 17 საბადოდან. სამკურნ.-საკურორტო ბაზის გაფართოებას საქართველოში მნიშ­ვნელოვანი პერსპექტივა გააჩნია.

ლიტ.: ზაუტაშვილი ბ., ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1997; ცერცვაძე ნ., საქართველოს მინერალური წყლები, თბ., 2017.

ზ. კაკულია

ლ. ღლონტი