მოსულიშვილი ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე (23. VIII. 1916, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 3. XII. 1944, სოფ. კოლონია, დაკრძალულია ქ. არონაში, ჩრდ. იტალია), იტალიის ეროვნული გმირი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1930 დაამთავრა ქვემო მაჩხაანის არასრული საშ. სკოლა. 1940 გაიწვიეს წითელ არმიაში. 1941 მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. 1944 თავი დააღწია ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების (პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია) ტყვეობას და იბრძოდა „რემო სერვადეს“ (იტალ. პარტიზანთა შენაერთი) 118-ე ბრიგადის, „პეპინის“ სახალხო ბატალიონის რიგებში. 1944 წ. 3 დეკემბერს გერმანელმა ფაშისტებმა ალყა შემოარტყეს პარტიზანებს და მეთაურის ტყვედ ჩაბარება მოითხოვეს, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას დაჰპირდნენ. მ. მეთაურის ნაცვლად წარუდგა გერმანელებს, კვლავ ტყვეობაში ყოფნას სიკვდილი არჩია და თავი მოიკლა. მ. დაჯილდოებულია სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (1972 წ. 3 ოქტ., სიკვდილის შემდეგ), იტალიის რესპ. უმაღლესი სამხ. ჯილდოთი – ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ (1970 წ. 28 თებ., სიკვდილის შემდეგ).
ლიტ.: სიხარულიძე ე., იტალიის ეროვნული გმირი, თბ., 1978.
ე. სიხარულიძე