2026 წლის 29-31 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების (European Encyclopedia Network – EEN) კონფერენცია, რომელიც ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარსების 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანების წევრი 15 ორგანიზაციის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ასევე, მის მუშაობაში ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები აშშ-დან, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან.
კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ პროფ. ზვიად გაბისონიამ, ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების პრეზიდენტმა ბატონმა ბრუნო კრაჯიჩმა და ქართული ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ.
გამომსვლელთა მოხსენებები შეეხო ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენციკლოპედიურ საქმიანობაში, ენციკლოპედიების გავლენა საზოგადოებაზე და მათი ადგილი სამეცნიერო კვლევების შეფასების სისტემებში, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მნიშვნელობა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ამ მხრივ არსებული გამოწვევები და სხვ. დისკუსიები წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატშიც.
კონფერენციის დასასრულს ჩატარდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის არჩევნები. ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად, ღია კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით, ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების პრეზიდენტად 4 წლის ვადით არჩეულ იქნა ვალტერს შჩერბინსკისი (ლატვიის ეროვნული ენციკლოპედია), ხოლო ვიცე-პრეზიდენტების პოზიციებზე – ნატაშა იერმენი (მიროსლავ კრლეჟას ლექსიკოგრაფიის ინსტიტუტი, ხორვატიის რესპუბლიკა) და ერიკ ბოლსტადი (ნორვეგიის დიდი ენციკლოპედია).
კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ასევე ქ. მცხეთას, სადაც დაათვალიერეს ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლი.
საგულისხმოა, რომ კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ორგანიზებით შედგა.
ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების მომდევნო კონფერენცია გაიმართება 2027 წლის ოქტომბერში ქ. კოპენჰაგენში (დანია).