ზანდუკელი მიხეილ ზურაბის ძე [14 (26). X. 1889, სოფ. არანისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 1968, თბილისი], პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1936); საქართველოს მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1897–1909 სწავლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში, სადაც 1904–05 გ. ავალიანთან და პ. დადვაძესთან ერთად გამოსცა კრებული „ღელვა”. 1909–13 სწავლობდა მოსკოვის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, აქტიურად მონაწილეობდა ქართვ. სტუდენტთა სათვისტომოს საქმიანობაში. 1913, უნ-ტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ყარსის რეალურ სასწავლებელში, 1914-იდან კი მოღვაწეობდა თბილისის I გიმნაზიაში (1917), I ვაჟთა გიმნაზიაში (1918), I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში (1921). წლების განმავლობაში იყო I სკოლის დირექტორი, 1921–22 – საქართვ. განათლების სახ. კომისარიატის საშ. და უმაღლესი სკოლების მთ. სამმართველოს გამგე, 1921–25 – განათლების კომისარიატთან არსებული სახელმწ. სამეცნ. საბჭოს მდივანი. 1923–28 კითხულობდა ქართ. ლიტ-რის ისტორიის კურსს თბილ. პედ. ინ-ტში. 1923 ივ. ჯავახიშვილის წინადადებით მიიწვიეს თსუ-ში, რათა მოემზადებინათ საპროფესოროდ ქართ. ლიტ-რის ისტორიაში. 1929 მიენიჭა დოცენტის წოდება. 1933-იდან რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა თსუ-თან ჩამოყალიბებული ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების ისტ. ინ-ტის ახ. ქართული ლიტ-რის სექციას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში; ასევე თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, ქუთაისის და თელავის პედ. ინ-ტებში. იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკულტეტის ახ. ქართული ლიტ-რის ისტ. კათედრის პროფესორი. 1941–47 იყო რეპრესირებული. ზ-ს დიდი დამსახურება მიუძღვის XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის შესწავლისა და სისტემატიზაციის საქმეში. მისი სამტომიანი ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურა” (1932–36) რამდენჯერმე გამოიცა. ზ-ის გამოკვლევებიდან აღსანიშნავია „რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში” (1927), „თერგდალეულები და ხალხოსნები ქართულ ლიტერატურაში” (1928) და სხვ. მისი რედაქტორობით გამოიცა დ. ჭონქაძისა და გ. ორბელიანის თხზულებები. ზ. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებანი, [ტ.] 1–3, თბ., 1972–78; ლიტერატურული ნარკვევები, [ტ.] 1–2, თბ., 1957–61; ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959; ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა, თბ., 1960; ვაჟა-ფშაველა, თბ., 1963; შიო არაგვისპირელი, თბ., 1966.
ლიტ.: გოზალიშვილი შ., სახელოვანი მეცნიერი და მამულიშვილი, ჟურნ. მნათობი, 1972, №2; ხუციშვილი ს., მიხეილ ზანდუკელი, თბ., 1973.
ნ. ალანია