გნოსტიციზმი

გნოსტიციზმი (ბერძნ. gnōstikos – შემმეცნებელი, მცოდნე), ადრინდელი ქრისტიანობის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.

გ. ნეოპლატონიზმისა და პითაგორეიზმის ზოგიერთი ელემენტის მორგების მცდელობაა ქრისტ. დოგმატურ დებულებებთან და მთლიანობაში წარმოადგენს სხვადასხვა აღმოსავლური აღმსარებლობის (იუდაიზმი, ზოროასტრიზმი, ბაბილონური და ეგვიპტური რელიგიები), ქრისტიანობის, ბერძნ. ფილოს. და მისტერიული კულტების სინთეზს. წარმოიშვა ახ. წ. I ს-ში ახლო აღმოსავლეთში (სირიაში, სამარიაში ან ალექსანდრიაში).

გ. ერეტიკული მოძღვრებაა, ამიტომ ორთოდოქსული ქრისტიანობა ებრძოდა მას და ანადგურებდა გნოსტიკოსთა შრომებს. დიდი ხნის მანძილზე გნოსტიკური თხზულებები მკითხველთათვის უცნობი იყო. გ-ის შინაარსს უმთავრესად ეცნობოდნენ ირინეუს ლიონელისა და იპოლიტეს პოლემიკური ხასიათის თხზულებებით. XX ს. 40-იან წლებამდე მთავარ გნოსტიკურ თხზულებად "პისტის სოფია" ითვლებოდა (გამოცემული იყო კოპტურ ენაზე).

გ-ის მთავარ წარმომადგენლებად ითვლებიან II ს-ის მოღვაწეები: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვ. გ-მა თავისი განვითარების უმაღლეს დონეს II ს-ში მიაღწია. 1945 ეგვიპტეში, ქ. ნაგ-ჰამადიში აღმოაჩინეს გნოსტიკური თხზულებების ორიგინალები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მკვლევართა ინტერესი მის მიმართ.

საკუთრივ გ-ში გამოიყოფა სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1. I–III სს. ქრისტ. გ. – ცნობილი ადრექრისტიანული ერესოგრაფებისა და ნაგ-ჰამადში მიკვლეული ტექსტებით; 2. იმავე ეპოქის წარმართული გ.; 3. მანდეიზმი (არამეულად მანდაგნოსის) და სემიტურ-ბაბილონურ ნიადაგზე დამოუკიდებლად განვითარებული გ. (ჩვენ დრომდე შემორჩენილია ერთადერთი გნოსტიკური სექტა ერაყში).

გ-ის, როგორც რელიგ.-ფილოს. აზრის, მთავარი ტენდენციაა, შექმნას ისეთი მოძღვრება, რ-იც გააერთიანებს ქრისტიანობას, წარმართობასა და იუდაიზმს; აღემატება მათ და დაემყარება ფილოს. საფუძველს.

გ-ის ძირითადი იდეაა ღმერთის ბუნებიდან ყველა სულიერი არსების გამომდინარეობა (ემანაცია). ღმერთი მოიაზრება როგორც „ყოფიერების სისრულე", პლერომა, სადაც ემანაციის ყოველი მომდევნო საფეხური, მსგავსად ნეოპლატონიზმისა, ნაკლებად სრულყოფილია, ვიდრე წინამორბედი; საბოლოო მიზანი კი ყოველი სულიერი არსების ღვთაების წიაღში დაბრუნებაა (მონანიება).

ამგვარად, გნოსტიკოსებს, უპირატესად, სჯეროდათ ერთიანი, მიზანშეწონილი სამყაროს არსებობისა, რ-იც იხსნის არა ყველა არსებას, არამედ მხოლოდ „გონით" ადამიანებს, „პნევმატიკოსებს". მატერია გნოსტიკოსებისათვის ბოროტებაა, ცოდვის წყაროა, რ-იც უნდა გადაილახოს. ქრისტე არის მხსნელი, მაგრამ მის გზას მხოლოდ „პნევმატიკოსები" მიჰყვებიან. „სულის" ადამიანები მხოლოდ რწმენას აღწევენ, შემეცნება მათთვის უცხოა. „ხორცის" ადამიანები კი გრძნობიერების ტყვეობაში რჩებიან.

გ-მა გავლენა მოახდინა არაორთოდოქსულ ქრისტ. მისტიკაზე [ი. ბოემე (1575–1624), ფ. ბაადერი (1765–1841), ფ. შელინგი (1775– 1854)], ანთროპოსოფიასა და თეოსოფიაზე. გარკვეულ გნოსტიკურ იდეებს ავითარებდნენ: რუსი ფილოსოფოსი ვ. სოლოვიოვი (1853– 1900) და გერმ. ფილოსოფოსი ლ. ციგლერი.

საქართველოში გნოსტიკურ პრობლემატიკაზე მუშაობდა და ამ საკითხში გარკვეული სიცხადე შეიტანა მ. გოგიბერიძემ .

ლიტ.: გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე  მ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1972; ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 3, Tb., 1972; Layton  Bentley (ed.), The Rediscovery of Gnosticism, 1981 (თანაავტ. E. J. Brill).

ე . ბარათელი