გმირი, ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, შესატყვისი ბერძნ.-ლათ. ცნებისა hērōs, თუმცა სრულად არ გამოხატავს მის შინაარსს.
„ქართლის ცხოვრებაში" გ-ებად იწოდებიან ქართვ. და კავკ. სხვა ხალხთა ეპონიმები: თარგამოსი, ქართლოსი, ჰაოსი და მათი ნაშიერნი. გ-ად იწოდება აგრეთვე ბიბლიური პერსონაჟი ნებროთი („მსგავსი ნებროთ გმირისა გამოგაჩინა წინამძღურად ჩუენდა").
მთის დიალექტებში (განსაკუთრებით, ხევსურულში) გ-ს „მოძალადის", „მძლავრის" მნიშვნელობა აქვს. ეს საყურადღებო ფაქტია, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სიტყვა „გ." მომდინარეობდეს ერთ-ერთი სკვითურ-სარმატული ტომის კიმერიელების სახელისგან. ძვ. წ. VIII ს-ში მათ გადმოიარეს კავკასია, დაარბიეს ურარტუ და საფრთხე შეუქმნეს თვით ასურეთის იმპერიასაც კი. ასურულ წყაროებში მათი სახელწოდებაა „გიმირრაია", ანუ გიმირელები.
ზ. კიკნაძე