„დილა“

 

 

ჟურნალი „დილა" (100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნომერი).

„დილა“ ყოველთვიური საბავშვო (ილუსტრირებული) ჟურნალი, დაარსდა 1904 თბილისში. თავდაპირველად გამოდიოდა „ნაკადულის" (დამაარსებელი – მ. დემურია ), 1928-იდან კი – „ოქტომბრელის" სახელწოდებით. 1948-იდან კი, „დ." დაერქვა. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ: მ. დემურია (1904–09), ნ. ნაკაშიძე (1910–26), ი. აბაშიძე (1933–34), გ. კაჭახიძე (1934–36), ბ. ჭაჭიაშვილი (1936– 37), ლ. ჭიჭინაძე (1937–41), რ. მარგიანი (1945–52), ი. ნონეშვილი (1952– 63), ჯ. ჩარკვიანი (1963–67), მ. ი. მაჭავარიანი (1967–82), ე. ნიჟარაძე (1982–89), რ. ინანიშვილი (1989–91), თ. ჩალაური (1992–94), დ. წივწივაძე (1995-იდან დღემდე). „დ-ის ავტორები იყვნენ: ი. ევდოშვილი (ხოსიტაშვილი), ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, გ. ქუჩიშვილი (ჩხეიძე) და მისი ძმა დ. თურდოსპირელი, დუტუ მეგრელი (დ. ხოშტარია), ცქვიტი (ა. ხახუტაშვილი), მიმქრალი (ლ. მეგრელიძე), მ. გარიყული (რატიანი), განდეგილი (დ. ერისთავი), ე. გაბაშვილი, ნ. ლომოური, შ. დადიანი, ლ. ქიაჩელი (შენგელაია), გ. შატბერაშვილი, ი. სიხარულიძე, ნ. ჩაჩავა, გ. ჭიჭინაძე, გ. ძნელაძე, ა. სულაკაური დ. ხიმშიაშვილ-ვადაჭკორია, ქ. ჭილაშვილი, ნ. ბეზარაშვილი, ც. ქიტიაშვილი, მ. ბოლქვაძე, ნ. თარგამაძე, ვ. ასლამაზაშვილი, მ. ჩხეტიანი, ვ. ჩხიკვაძე, ლ. ჯაფარაშვილი, დ. მაზმიშვილი და სხვ. 2004 გამოვიდა ჟურნალის გამოცემიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნომერი. 1984–90 გამოდიოდა ჟურნალის დამატება „აი ია" (სკოლამდელთათვის), 1970–83 – „დილის ბიბლიოთეკა", 1996–2000 – გაზეთი „საოჯახო საკითხავი". „დ-ის" ბაზაზე, 2007 დაარსდა საბავშვო გამომცემლობა „დილა" (შპს; გენ. დირექტორი – დ. წივწივაძე). გამომცემლობა ბეჭდავს გამოჩენილი მხატვრების მიერ დასურათებულ ქართულ კლასიკურ და თანამედროვე მწერალთა საბავშვო ნაწარმოებებს, სხვადასხვა გასართობ ლიტერატურას და სერიულ გამოცემებს.