გვირგვინი შენობისა, საქართველოში გავრცელებული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის კარვის ფორმის (პირამიდული) გადახურვა, რ-საც მაღლა სასინათლო და საკვამური ხვრელი აქვს დატანებული. ამოყვანილია საფეხურებად ერთმანეთზე დალაგებული, ძელებისაგან შეკრული და ზემოთკენ თანდათან შევიწროებული მრავალკუთხედების წყობით. გ-ის კონსტრუქცია ორგვარია – პარალელური (როცა ერთმანეთზე დაწყობილი მრავალკუთხედების გვერდები პარალელურია) და კუთხური (ყოველი ზედა მრავალკუთხედის გვერდები კუთხეზე ჰკვეთს ქვედა მრავალკუთხედს). გ-მა განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო უძველესი კოლხური სახლიდან ახალციხის თუ ერთაწმინდის დარბაზულ კომპლექსებამდე. იხ. აგრეთვე სტ. დარბაზი.