ალ-მუკადასი შამს ალ-დინ აბუ აბდალ-ლაჰ მუჰამად (946 ან 947, იერუსალიმი, – დაახლ. 1000), არაბი მოგზაური და გეოგრაფი. იმოგზაურა მუსლ. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. საკუთარი დაკვირვებებისა და წინამორბედ ავტორთა ნაშრომებზე დაყრდნობით ეს ქვეყნები აღწერა წიგნში „საუკეთესო დაყოფა კლიმატების შესასწავლად“, რ-შიც შემონახულია ცნობები საქართველოს შესახებ. იგი X ს. თელავს მოიხსენიებს ისეთი რანგის ქალაქებთან ერთად, როგორიც იყო თბილისი, შამქორი, განჯა, შარვანი, ბაქო, ბარდავი და სხვ. თელავის სახელწოდება არაბ. ტრანსკრიპციით ყოფილა „თებლა“. მ-ის ცნობით, თელავის მოსახლეობის დიდ ნაწილს ქრისტიანები შეადგენდნენ, მხოლოდ 500 კომლი ყოფილა მაჰმადიანი. ამ ნაშრომში აღწერილია თბილისიც. იგი „გაშლილია მტკვრის ორივე ნაპირზე და შეერთებულია ხიდით, რომლის ქვის კედლები მოპირკეთებულია ხით“.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; საქართველოს ისტორის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; Крачковский И. Ю., Избр. соч. т. 4., М.-Л., 1957.
გ. ჯაფარიძე