მუდროსის დაზავება 1918

მუდროსის დაზავება 1918, ზავი, რომელსაც 30 ოქტომბერს ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ოსმალეთის სულთნის მთავრობის წარმომადგენლებმა ინგლ. კრეისერ „აგამემნონზე“, მუდროსის ნავსადგურში (კ. ლემნოსი). I მსოფლიო ომში (1914–18) ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, მ. დ-ით ანტანტის სახელმწიფოების სამხ. ხომალდებისათვის იხსნებოდა ბოსფორი და დარდანელი. მათ ამ სრუტეებში ფორტების დაკავების უფლება ეძლეოდათ. ოსმალეთს ჯარები უნდა გაეყვანა ოსმ. იმპერიის ყველა არაბ. ოლქიდან, ირანიდან, სამხრ. კავკასიიდან და კილიკიიდან; უნდა მოეხდინა არმიის დემობილიზაცია და ანტანტისათვის იმ სამხ. ხომალდების გადაცემა, რ-ებიც ოსმალეთის ან მისი ფლოტის მიერ დაკავებულ წყლებში იმყოფებოდნენ, ხოლო ზავის მე-15 მუხლის მიხედვით, ინგლისის ჯარებს ბაქოს, ბათუმისა და სამხრ. კავკ. სხვა ქალაქების ოკუპაციის უფლება ეძლეოდათ. მთელი სამხრ. კავკ. დიდი ბრიტანეთის ერთპიროვნული გავლენის ზონად გამოცხადდა.

ლიტ.: სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია (1600–1923), ტ. 2, თბ., 2002; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი. ტ. 2, თბ., 1999; ჩაჩხიანი ა., მუდროსის ზავი – ოსმალეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისი, კრ.: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 1 (16), 2015.