მუაში, ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრ. ფერდობზე, მდ. ცხენისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1300 მ. იცის ზომიერად რბილი და თოვლიანი ზამთარი (იანვრის საშ. ტემპ-რა – 40C), ზაფხული კი – ზომიერად თბილი და მშრალი (აგვისტოს საშ. ტემპ-რა 17.90C). ნალექების საშ. წლიური რაოდენობაა 2000 მმ, სინოტივე – 78%. ჰაერი გამოირჩევა განსაკუთრებული სისუფთავით. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი, რკინის შემცველი და ნახშირმჟავარკინიანი, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერ. წყლები (მინერალიზაცია – 2,1 გ/ლ, ტემპ-რა – 90C; დებიტი – 13 ლ/დღ-ღ), რ-ებსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამკურნალო ჩვენებებია: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები. სეზონი გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე.
მ-ის ,,მჟავე“ და ,,რკინის წყლები“ ძველთაგანვე იყო ცნობილი. როგორც ლაშხეთის ხეობის ნაწილი, მ. სადადიანო სვანეთში შედიოდა. XX ს. 50-იანი წლებიდან დაიწყო კურორტის კეთილმოწყობა. საბჭ. პერიოდში აქ იყო საკურორტო პოლიკლინიკა, სააბაზანო. 90-იანი წლებიდან კურორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
მ-იდან რამდენიმე კილომეტრში ზესხოს ულამაზესი ხეობაა, სადაც ფუნქციონირებდა ალპინისტური ბანაკები – „აილამა“ და „ზესხო“.