მტკიცებულება, სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების თუ გარემოებების დასადასტურებლად, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად წარდგენილი ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, ინფორმაცია, ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი ან ნივთიერება, ფაქტების კონსტატაციის მასალა და სხვ.
ახსნა-განმარტებასთან ერთად მნიშვნელოვანი მ. არის მოწმის ჩვენება, ანუ მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია საქმის გარემოებათა შესახებ. სასამართლოში მოწმე დებს ფიცს, ამავე დროს მას აფრთხილებენ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ნივთიერი მ-ებია: დოკუმენტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, საგნები, ნივთიერებები, რ-ებიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილისა და დროის ნიშან-თვისებით ან კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე პრეიუდიციები.
მ-ებს არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა ესა თუ ის მ., აგრეთვე მ-ის სათანადოობასა და განკუთვნადობას, შემდეგ კი აფასებს მათ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ან საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. მ-თა ანალიზის საფუძველზე სასამართლო ადგენს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და აყალიბებს დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.
დოკუმენტი ან ნივთიერი მ. დასაშვებია, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაჰკითხოს პირი, რ-მაც მოიპოვა, შექმნა ან შეინახა ის სასამართლოში წარდგენამდე. ირიბი ჩვენება არის დასაშვები მ., თუ იგი დასტურდება სხვა არაირიბი მ-ის ჩვენებით. მ. სათანადოა ასევე იმ შემთხვევაში, თუ მისი მეშვეობით შესაძლებელია სასამართლოს დარწმუნება. განკუთვნადია მხოლოდ ისეთი მ., რ-იც მიმართულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ გარემოების დადასტურებისკენ.
საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი ფაქტები უნდა დადგინდეს მ-თა ერთობლიობით. სადავო გარემოება მხოლოდ ერთი მ-ით ვერ დადასტურდება. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა შეიძლება დაიწყოს იმ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მ-თა ერთობლიობის არსებობისას, რ-ებიც საკმარისია მაღალი ხარისხის ვარაუდისათვის, რათა საქმეზე სასამართლომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი („ალბათობის მაღალი ხარისხი“), ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მ-თა ერთობლიობა, რ-იც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში („გონივრულ ეჭვს მიღმა“).
ქართულ ჩვეულებით სამართალში გავრცელებული იყო შემდეგი მ-ები: ფიცი, აღიარება, ცოდვის მოკიდება, მოწმის ჩვენება, ორდალიები, ექიმის ჩვენება, ნივთიერი და „მიცვალებულისათვის შეწირვის“ ელემენტის შემცველი მ-ები.
მ-ებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფიცს. თუ ეჭვმიტანილი სათანადო რიტუალის ჩატარებით (ძირითადად თანამოფიცრებთან ერთად) დაიფიცებდა, მის მიმართ ყოველგვარი ეჭვი მოიხსნებოდა და იგი სრულად გამართლდებოდა. დაფიცება ხდებოდა ხატზე, ხატში, სახარებაზე, სანთლით ხელში, ხატის ნაბანი წყლით, „ნაშენით“ (ღვიძლი შვილით) ხელში, ეკლესიის დროშით, ღვინოზე, გუთანზე და სხვ.
აღიარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პიროვნების ვინაობის დადგენისას. პირის აღიარება სრულიად საკმარისი იყო მის დამნაშავედ ჩასათვლელად.
„ცოდვის მოკიდება“, როგორც მ., გამოიყენებოდა მსუბუქ საქმეებზე. ის ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნშიც არის ნახსენები. ეჭვმიტანილი ბრალმდებელს ზურგზე აიკიდებდა და დაიფიცებდა: „შენიმც ცოდვა მეორედ მოსვლას მემცა მაქვს და შენდა ნაცვლადამც მე განვიკითხები, თუ მე ეგ მექნას!“
საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ხშირად მიმართავდნენ ორდალიას („ღვთის მსჯავრი“) – ზებუნებრივ, ღვთაებრივ ძალას. სამართლის წიგნებში ვხვდებით ისეთ ორდალიებს, როგორებიცაა ხმალი, მდუღარე, სასამართლო ორთაბრძოლა და სხვ. თუ ეჭვმიტანილი უარყოფდა დანაშაულს, მას გამოცდიდნენ. უვნებლად გადარჩენის შემთხვევაში ის გამართლდებოდა და შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვა მისთვის, ვინც ბრალს სდებდა.
ჩვეულებით სამართალში გავრცელებული მ. იყო მოწმის ჩვენება, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. უმეტესად აფიცებდნენ თვითმხილველ მოწმეს. ბრალმდებელი მოწმის ჩვენებას ფიცით განმტკიცების გარეშე იურიდ. ძალა არ ჰქონდა. ქურდობისა და მსუბუქი გადაცდომის საქმეებზე ზოგჯერ მოწმედ გამოდიოდა მთხრობელი, რ-ის ვინაობა უცნობი რჩებოდა, რათა შუღლი არ ჩამოვარდნილიყო მთხრობელსა და ბრალდებულს შორის.
დოკუმენტებს, როგორც მ-ებს, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის არაერთი მუხლი ეხება. მათში საუბარია როგორც წერილობითი საბუთების შედგენის აუცილებლობაზე, ისე მათი გაფორმების წესსა თუ მათზე დაყრდნობით პრეტენზიათა გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. წერილობით დოკუმენტებად ითვლებოდა: მოწმის, ნასყიდობის ფიცის, გარიგების, ანდერძის, ბათილამის, შეყრილობის, გაყრილობის წიგნები, წყალობისა და ნასყიდობის სიგელები, ფიცის განჩინება, დავთარი და სხვ.
ექიმის ჩვენება მნიშვნელოვანი მ. იყო დაჭრისა და დასახიჩრების საქმეებზე. სამართლის მკვლევრები მათ ექსპერტებად მიიჩნევდნენ.
ლიტ.: დავითაშვილი გ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბ., 2004; კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ., 1970.
ი. უჯმაჯურიძე