მტკვრის ციხე

მტკვრის ციხე

მტკვრის ციხე, ქსნის ციხე, კონსტანტილაბათი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, მდ. მტკვრის შესართავთან, სარკინეთის მთაზე. აკონტროლებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. XVI ს. დასაწყისში ააგო ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმის, ქართლის მეფე დავით X-სა (1505–25) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511–13) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. ავ-გიორგის მიერ ქართლის დაპყრობის ცდების შემდეგ ბაგრატ ბატონიშვილმა თავად იკისრა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სამაგიეროდ კი საუფლისწულოდ მუხრანი მოითხოვა, ააგო მ. ც., რ-იც მუხრანის მხარის ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ნაგებობა იყო. 1513 ციხის აღება სცადა ავ-გიორგიმ. 3-თვიანი ალყა უშედეგოდ დასრულდა. იმავე წელს მან მეორედ დალაშქრა ქართლი; ბატონიშვილმა ბაგრატმა შეიპყრო იგი, მ. ც-ში ჩასვა და იქვე მოაკვლევინა.

დაზიანებული მ. ც. XVIII ს. დასაწყისისათვის საბრძოლო მოქმედებებს ვეღარ გაუძლებდა, ამიტომ 1746 მის ნანგრევებზე კონსტანტინე მუხრანბატონმა ახალი ციხე ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა. სახლთუხუცეს კონსტანტინეს სახელის მიხედვით ციხეს „კონსტანტილაბათი“ უწოდეს. ამ მხარის მოსახლეობა მას ქსნის ციხეს უწოდებს. ზოგიერთ წყაროში შეცდომით ეწოდება მტუერის ციხე.

მ. ც-ს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან – კედლები რელიეფს მისდევს, შიდა ტერიტ. სწორია. რელიეფიდან გამომდინარე გეგმა ჩრდ.-სამხრეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებული არაწესიერი მრავალგვერდაა (39,5 X 26,4 ). მისასვლელი სამხრ.-დას-იდანაა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511–14) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში კი (1746) აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი, ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი. ციხეს აქვს ოთხი სხვადასხვა ფორმის კოშკი, რ-თა საბრძოლო ელემენტები – სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები – შემკულია განსხვავებული დეკორატიული წყობით. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზე დასრულებულია ნახევარწრიული ქონგურებით. მათ ქვემოთ, 1–2 -ის დაცილებით ნისკარტა სალოდეებია, უფრო ქვემოთ კი – სათოფურები. ეზოში მარანი და კედლებშელესილი ცილინდრული წყალსაცავია. ციხეს წყლით ამარაგებდა წყალსადენი (კერამიკული მილები), რ-იც ქედს მიჰყვება. მისი სათავე ციხიდან აღმ-ით რამდენიმე კმ-ზეა.

1939 ციხე მცირედ შეაკეთეს, 1984-იდან ტარდებოდა გამაგრებით-საკონსერვაციო სამუშაოები.

2006 მ. ც-ს მიენიჭა ეროვნ. მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ლიტ.: გამყრელიძე გ., მიდორაშვილი დ., ბრეგვაძე ზ., კვაჭაძე მ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2003; ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.

ჯ. გვასალია

დ. მუსხელიშვილი