მტკვრის ტერასები, მტკვრის ხეობის ფერდობზე წარმოქმნილი ბუნებრივი საფეხურები. საქართველოს ფარგლებში მდ. მტკვრის ტერასები არაერთგვაროვანი გავრცელებისაა. ამ მხრივ სამ რეგიონს გამოყოფენ: საქართველო-თურქეთის საზღვრიდან სოფ. ტაშისკარამდე, აქედან კასპის მიდამოებამდე და კასპიდან საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწ. საზღვრამდე. ცნობილია, რომ როგორც მთიანეთის მდინარეების, ისე მდ. მტკვრის ტერასების გენერირებას, მათ მორფოგრაფიულ-მორფომეტრიულ თავისებურებებსა და გავრცელებას განაპირობებს რეგიონების ტექტონიკური სტრუქტურები და ფიზიკურ-გეოგრ. (კლიმატურ-რელიეფური) ასპექტები. აქედან გამომდინარე, ზემო ავჭალა-ძეგვის უბანზე, თრიალეთის ქედის განშტოებასა და დიდგორის ქედის მონაკვეთზე, ასევე ბორჯომის ხეობის ანტეცედენტური ან გამკვეთი ეპიგენეტური გენეზისის ვიწრო ხეობა ტერასებს სრულიად მოკლებულია. ახალციხის ქვაბულსა და აუზის დახრილ ვაკეზე მდ. მტკვრის ტერასები საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. მათი წარმოშობა დიფერენცირებული ტექტონიკური მოძრაობებით, ლითოლოგიური შედგენილობითა და ეგზოგენური ფაქტორებითაა შეპირობებული. ასპინძა-ვარძიის უბანზე ტერასების განვითარებას ხელს უშლის ეროზიის მიმართ მდგრადი ახალგაზრდა ვულკანური ლავების გავრცელება.
მდ. მტკვრის ხეობის ფერდობებზე ტერასების გენერირება ორგანულადაა დაკავშირებული როგორც აღმ. საქართვ. ტექტონიკურ პირობებთან, ისე გეოლოგიურ წარსულში – კასპიის ზღვის დონის ცვალებადობასთან.
ცნობილია, რომ საქართვ. ფარგლებში, მდ. მტკვრის ტერასები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ თანდათან დაბლდება, ხოლო მინგეჩაურიდან კარგავს მორფოლოგიურ სახეს და მტკვრის დაბლობს ერწყმის.
მ. ტ. მდ. ხრამის შესართავიდან სოფ. ტაშისკარამდე არსებულ მონაკვეთზე შთამბეჭდავად არის გამოსახული. მსგავსი სურათი ჩანს მდ. ივრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ხრამის ქვემო დინებებისა და მათი მტკვართან შეერთების უბნებზე. ავჭალა-რუსთავის მონაკვეთზე მკვლევრები ხუთ ტერასულ საფეხურს გამოყოფენ. მდინარის თანამედროვე დონიდან მათი სიმაღლე მერყეობს 1-იდან 220–250 მ-მდე. სოფ. სოღანლუღის მიდამოებში ამ ტერასებიდან შედარებით მაღალი საფეხურები მტკვრის ხეობის მარცხენა, ხოლო დაბალი – მარჯვენა ფერდობზეა წარმოდგენილი.
მდ. მტკვარი თბილისის მიდამოებში 34 კმ-ზე მიედინება. ქალაქი უმთავრესად ამ მდინარის ტერასებზეა შეფენილი. ყველაზე ახალგაზრდა და დაბალ 1-ელ და მე-2 ტერასაზე (შეფარდებითი სიმაღლე 1-იდან 10 მ-მდე) გაშენდა რიყე, ავჭალა, დიღომი, დიდუბე, დავით აღმაშენებლის გამზირი; უფრო მაღალ მე-3 ტერასაზე (შეფარდ. სიმაღლე 20–25 მ) – რუსთაველის გამზირი, ვაკისა და საბურთალოს ნაწილი და ავლაბარი; მე-4 ტერასაზე (შეფარდ. სიმაღლე 60–80 მ) – ნაძალადევი, ღრმაღელე, ლოტკინი; მე-5 ტერასა (შეფარდ. სიმაღლე 145–160 მ) ყველაზე კარგად გამოხატულია მახათას მთის მიდამოებში.
თბილისის დას. ნაწილში, მცხეთა-ძეგვის ვიწრობიდან რამდენადმე მოშორებით, მდ. მტკვრის ფართო ხეობაში ალუვიური ტერასები ჩნდება. აქაა პირველი გრაკალი-მეტეხის ტერასა, რ-იც ამ უბნის დას-ით გრაკალი-უფლისციხე-გორის საფეხურს ქმნის. პირველი ტერასა მსხვილმარცვლოვანი ალუვიონითაა აგებული, ხოლო მეორე – სოფ. მეტეხის მიდამოებშია გამოვლენილი, რ-ის გაგრძელებას უფლისციხესა და ურბნისში, ასევე კასპისა და ძეგვის მიდამოებში ვხვდებით; მესამე – კალოუბნის ტერასა – კარგად ჩანს მდ. მტკვრისა და თეძმის წყალგამყოფის ფარგლებში. ეს ტერასა შემორჩენილია ხაშურის მიდამოებშიც. აქვე გამოიყოფა მეოთხე მდინარეული ტერასა.
მდ. მტკვრის ტერასების სურათი საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია. ამჟამად მისი დეტალები ბუნებრივი (ცოცხალი ტექტონიკისა და კლიმატის ცვლილებები) და ანთროპოგენური (სამოქალაქო და სამრეწველო საინჟინრო საქმიანობა) ფაქტორებით საკმაოდ შეცვლილია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ურბანული ქალაქის – თბილისის მიდამოებში სამეურნეო წნეხის მიერ ტერასების ხელოვნური დეფორმაცია და ბუნებრივი სახის რაოდენობრივ-თვისებრივი გარდაქმნა.
ლიტ.: ალფენიძე მ., საქართველოს რელიეფის ტიპები, თბ., 2020; გობეჯიშვილი რ., საქართველოს რელიეფი, თბ., 2011.
მ. ალფენიძე