მტკვრის თაღლითა (Alburnus fillippii Kessler, 1877), მტკნარი წყლის ენდემური თევზი სამხრეთ კავკასიაში. მისი სიგრძე 17 სმ-მდეა, მასა – 44 გ-მდე. მ. თ. პელაგიური, ქარავნული თევზია, ბინადრობისთვის ირჩევს მდინარის მდორე ადგილებს. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, ტოფობს სამჯერ, ნაყოფიერება – 1000–10000 ქვირითი. იკვებება ძირითადად პლანქტონით, ბენთოსით, წყალმცენარეებით.
საქართველოში გავრცელებულია მდინარეებში: მტკვარსა (მთელ სიგრძეზე) და მის შენაკადებში, ხრამში (შესართავიდან ჰესამდე), შავწყალაში, კლდეისში, დებედაში, მაშავერაში, ალგეთში, არაგვის ზემო დინებებში, ქსანში, ლიახვში, აბასთუმნისწყალში, ფოცხოვში, იორში, ალაზანში (ყველა შენაკადში), ასევე ლენქორანის სანაპირო მდინარეებში, ჯანდარის ტბაში, თბილისის და სიონის წყალსაცავებში. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) არ არის შეფასებული.
ნ. ნინუა