მტკვრის გოჭალა (Barbatula brandtii, Kessler, 1877), სამხრეთ კავკასიის ენდემური თევზი ხლაკუნასებრთა ოჯახისა (Cobitidae). მისი სიგრძე 8,5 სმ-მდეა, მასა – 4,5 გ. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფიერება – 3000–5000 ქვირითი. ბინადრობს მდინარეების შუა და ზემო დინებებში, ირჩევს წყალმცენარეებით მდიდარ ქვაქვიშიან ადგილებს, იშვიათია წყალსაცავებსა და ტბებში. იკვებება პლანქტონით, ბენთოსით და თევზის ქვირითით. გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში.
საქართველოში გვხვდება მტკვარსა (მთელ სიგრძეზე) და მის შენაკადებში (ხრამი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ფოცხოვი, ალაზანი), იორსა (მთელ სიგრძეზე) და მის შენაკადებში, ჯანდარის ტბაში, პალდოს, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში.
ნ. ნინუა