მტკვარ-არაქსის კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ. – III ათასწლ. არქეოლოგიური კულტურა, რ-იც გავრცელებული იყო მტკვრისა და არეზის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს, მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალ. განვითარებამ და საერთო ტექ. პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზ-ბის წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზ-ბის დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მ.-ა. კ-ის გავლენა გავრცელდა თითქმის მთელ აღმ. ანატოლიასა და ჩრდ.-დას. ირანში. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმ. ხმელთაშუა- ზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (იხ. ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მ.-ა. კ-ს გარკვეული კავშირი ჰქონდა ევრ. სხვადასხვა კულტურასთანაც.
მ.-ა. კ-ის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არეზის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდ. ძეგლები. ადრინდ. სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მ.-ა. კ-თვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ-ში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზ-ბის შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრ-იდან მოსახლეობის ახ. მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურის აღმავლობა მაინც ადგილ. ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მ.-ა. კ-ის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტ. ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე. მ.-ა. კ-ის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა – მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან პირუტყვს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექ. პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებით გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მ.-ა. კ-ს თავისებურ სახეს აძლევს სწორედ კერამიკა, რ-იც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს ამ კულტურის არსებობის განმავლობაში ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდ. კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფ. სახეებით.
მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოსათვის მ.-ა. კ-ის მქონე ტომებმა თითქმის მთელი სამხრ. კავკასია დაიკავეს. ინტენსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვ. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და სხვ. თანდათან დაიწყო ამ კულტ. ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიულ-თეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქ-თეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვ.
ძვ. წ. III ათასწლ. დასაწყისიდან შეინიშნება მ.-ა. კ-ის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია სამხრ. კავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკ. მოსახლ. ძირითადი ეთნ. ჯგუფები. მ.-ა. კ-ის ტომები ფართოდ გავრცელდნენ სამხრ. კავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდ.-აღმ-ით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრ-ით – თითქმის მთელი აღმ. ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვ. მ.-ა. კ-ის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და სამხრ. კავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმ. საქართველოს (ცენტრი – შიდა ქართლი), მეორე – არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მ.-ა. კ-ის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვ.). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია მართკუთხედის ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რ-იც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა და გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მ.-ა. კ-ის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებურია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რ-იც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის ქრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფ. მორთულობა.
შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მ.-ა. კ-ის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულსა და დას. საქართველოში. დას. საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის მუნიციპ-ში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მ.-ა. კ-ის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.
მ.-ა. კ-ის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა სამხრ. კავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძვ. აღმ. სამყაროსთან. ამ კულტურისთვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვ. მსგავსი მასალა ძვ. აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალ. წარმოების ნაშთები (ღუმლები, ყალიბები, ტიგელები და სხვ.). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილ. დარიშხანიან სპილენძს. მ.-ა. კ-შია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რ-ებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის განმავლობაში გამოჰყვა და რ-ებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომის ნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მ.-ა. კ-ის მქონე ტომთა ფართო განფენას.
თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მ.-ა. კ-ის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავითის ნამოსახლარი, რ-იც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე და ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მ.-ა. კ-ში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს წინა ხანის არქიტ. ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხ. კერამიკა შავპრიალაა და უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორიც შიდა ქართლში და არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრ-ით და თითქმის მთელი აღმ. ანატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელიაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლ. შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.
მ.-ა. კ-ის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები – მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად კი ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალიც. მარცვლეულს თიხის დიდ დერგებსა და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; მოსავალს ბორბლიანი ტრანსპორტით ეზიდებოდნენ. ხის ბორბლის ნაკვალევი და ანაბეჭდები აღმოჩენილია იმდროინდელ სამარხებში. გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრადაა მომატებული წვრილფეხა საქონლის ნაშთები.
მ.-ა. კ-ის მქონე ტომთა ეთნ. ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს კულტურა ინდოევრ. ტომებს ეკუთვნოდათ და მათი სამშობლო სამხრ. კავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი ნაკლებ დასაშვებია.
კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მ.-ა. კ-ის ჩამოყალიბებასა და მის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკუთვნოდათ. ქართველურენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად სამხრ. კავკასიის ცენტრ. და დას. ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი სამხრ. კავკასიის აღმ-ში ბინადრობდნენ და სამხრ-ითაც საკმაოდ შორს გავრცელდნენ.
ლიტ.: კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976; მირცხულავა გ., მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემები, თბ., 2010; ორჯონიკიძე ა., ადრეული ყორღანები საქართველოში, თბ., 2016; ფხაკაძე გ., მტკვარ-არაქსული კერების და სადგრების გავრცელების საკითხისათვის, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 2004, № 13-14; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჩუბინიშვილი ტ., მტკვრისა და არაქსის ორმთიანეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965; ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, [ტ.] 1, თბ., 1962; ჯაფარიძე ო., საქართველოს არქეოლოგია, ენეოლით ადრებრინჯაოს ხანა, თბ., 1992; მისივე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, [кн.] 1, Тб., 1941; მისივე, Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 В; Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа (V–III тыс. до н. э.), Л., 1970; Мунчаев Р. М., Кавказ на заре бронзового века, М., 1975; Ханзадян Э. В., Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967.
ო. ჯაფარიძე