მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია. შეიქმნა აჭარის არ-ის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების კორომების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველსაყოფად. პარკი მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ადმ. მუნიციპ-ების საზღვრების ფარგლებში მოქცეული სახელმწ. ტყის ფონდის მიწებს, რ-თა საერთო ფართობია 15698,8 ჰა.

პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან – 27 კმ-შია, ადმ. შენობა კი დაბა ჩაქვში მდებარეობს.

მ. ე. პ. გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტ. თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რ-იც საქართვ. ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის ტროპ. ფლორის ნაშთია. კლიმატური ცვლილებების გამო ნეოგენურ პერიოდში მრავალი ტროპ. სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნა, რაც პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია 284 სახეობის მცენარე, რომელთაგან 18 მერქნიანი, 21 ბუჩქი და 245 ბალახოვანია. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი რელიქტური და ენდემური მცენარეები. მათგან ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა – მხოლოდ აჭარაში და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკში გვხვდება კოლხური ტყე, რ-იც ზ. დ. 15–25 -იდან 1000–1200 სიმაღლემდე ვრცელდება. ტყის ქვედა ზოლში დომინირებს წიფლნარი, მას ცვლის წაბლნარ-წიფლნარი, შემდეგ ფოთლოვნებიდან ჩნდება სხვა მერქნიანებიც – კავკასიური ცაცხვი, მურყანი და კავკასიური რცხილა. ცალკეულ ერთეულებად გვხვდება კავკასიური ლაფანი (Pterocarya pterocarpa), კაკალი (Juglans regia), თელა (Ulmus), უთხოვარი (Taxus baccata), ლეღვი (Ficus carica) და სხვ.

კოლხურ ტყეს მრავალფეროვნებას მატებს აქ წარმოდგენილი მარადმწვანე ქვეტყე – პონტოური შქერი, იელი, წყავი, ჭყორი და ბზა. ამ ტიპის ტყეებითაა დაფარული მთების ჩრდ. ფერდობები, სამხრ. ფერდობებს კი ფოთოლმცვენი ქვეტყიანი კოლხური ტყე მიუყვება.

გამეჩხრებულ მონაკვეთებს და ტყისპირა მდელოებს მაყვლისა და მოცვის ნაყოფიანი ბუჩქები ავსებს. მდინარის პირი და მისი შენაკადები კოლხური ბზით (Buxus colchica) არის გარშემორტყმული. ტენიან კოლხურ ტყეებს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს მერქანზე შემოხვეული ჩრდილის მოყვარული სუროები და ლიანები, ტყისპირებში კი ტყის სიმწვანეს ავსებს წითელნაყოფა ეკალღიჭი (Smilax excelsa).

მტირალას ტყის ნაწილია ხავსმოკიდებულ ხეებზე გადმოკიდებული ეპიფიტი გვიმრები: სამხრეთის მრავალფეხა (Polypodium serratum), ირმის ენა (Phyllitis scolopendrium) და კილამურა (Polypodium). მცირე ზომის გვიმრა – ჰიმენოფილუმი (Hymenophyllum thunbridgense) წყავის ქერქსა და ხავსმოკიდებულ ლოდებზე იზრდება. ტყისპირებში გვხვდება ვორონოვის თეთრყვავილა (Galanthus woronowii), ქართული ზამბახი (Ivis iberica ) და ხარისძირა (Helleborus caucásicus).

წაბლის ტყეებს პარკის შუა ზოლი უჭირავს, ხოლო სამხრ. და სამხრ.-აღმ. ფერდობებზე შეფენილია ჭოროხისა და ჰართვისის მუხის კორომები, სადაც სოსნოვსკის ფიჭვიც არის შერეული და წიწვოვან-ფოთლოვან ტყეს ქმნის.

მ. ე. პ-ში 1 ჰა-ზე 35-მდე განსაკუთრებული მერქნიანი სახეობის დაჯგუფება – „შქერიანი“ გვხვდება, რ-საც დედამიწის ზომიერი სარტყლის პირობებში სხვაგან ვერსად შეხვდებით. ესენია: პონტოს შქერის (Rhododendron ponticum), უნგერნის შქერის (Rh. Ungernii), იელის (Rh. Luteum), კოლხური ჭყორის (Ilex colchica), წყავის (Laurocerasus officinalis), პონტოს მუხის (Quercus ponticas), კოლხური თაგვისარას (Ruscus colchicus) და სხვა კოლხური ტიპის ბუჩქნართა და ხებუჩქნართა დამოუკიდებელი თანასაზოგადოება.

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ საქართვ. „წითელი ნუსხის“ სახეობათაგან ეროვნ. პარკში წარმოდგენილია: პონტოს მუხა მედვედევის არყი (Betula medwediewii), უნგერნის შქერი, კოლხური ბზა, ეპიგეა (Epigaea gaultheroides), უთხოვარი და სხვ.

პარკში თავმოყრილია მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა: კავკასიის – 5, საქართველოს – 1, კოლხეთის – 3 და აჭარის 3 ენდემური მცენარე. აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობაა ეპიგეა, იელი, წყავი, ჰიმენოფილუმი, ფურისულა (Primula megaseifolia) და სხვ.

ეროვნ. პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფერ-ოვანი სამყარო, რ-იც წარმოდგენილია 95 სახეობით. ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“, ხოლო გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი 9 სახეობა – ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) „წითელ ნუსხაში“.

ფოთლოვანი ტყეები ჩლიქოსნების, მტაცებლებისა და ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოა. მსხვილ ძუძუმწოვრთაგან აქ გავრცელებულია ღორი, შველი და არჩვი. ჩლიქოსნებზე მეტია მტაცებელი ცხოველები: მელა, ტურა, კვერნა და სხვ.

პარკში ამფიბიების 6 სახეობაა გავრცელებული. დაცულ ტერიტ-ზე გვხვდება იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობები, კერძოდ, კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macrocnemis) და კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus), რ-ებიც ბინადრობენ ტენიან ტყეებში, მდინარეების, წყაროების, ღელე-ნაკადულების სიახლოვეს, ვიწრო ხეობების წიწვოვან, იშვიათად – ფოთლოვან ტყეებში.

საქართვ. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველებია: მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, წავი. წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გავრცელებულია სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნ. პარკის ორნიტოფაუნა ჯერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, აქ მობინადრე მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია რამდენიმე სახეობა: დიდი მყივანი არწივი, ჩია არწივი, გავაზი, ძერა, ქორი და მიმინო. ტყის ეკოსისტემებში ასევე გვხვდება ოფოფი, ტყის ქათამი, კოდალას რამდენიმე სახეობა, გუგული, შაშვი, ჩხიკვი, მტრედი და სხვ.

მთისა (ჩაქვისწყალი, ყოროლისწყალი) და სხვა მრავალ პატარა მდინარეში ბინადრობს მდინარის კალმახი, თხელ ქვიშიან და წყალმცენარეებით მდიდარ მდინარეებში – კოლხური წვერა (Barbus tauricus rionica).

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პეპლების ფერადოვნება, მ. შ. აღსანიშნავია გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები: ოლეანდრისა, მკვდართავა სფინქსი, დათუნელა ჰერა, აპოლონი, კავკასიური ზერინთია.

ტყის ნიადაგებში ბინადრობს საქართველოს ლოკალური ენდემი – კინტრიშის ჭიაყელა (Allobophora kintrishiana).

სოკოებიდან გვხვდება დისკომიცეტები: Phellinus torulosus; Phlebia merulioides; Bulgaria polymorpha. ქუდიანი სოკოები: Colibia distorta; Dermocybe cinnabarina; Inocibe lacera; Lactarius resifluus; არყისძირა (Lecinum scabrum); Tubaria minutalis; გასტერომიცეტები: სოკოყვავილა, წაბლისფერი ხავსის სოკო.

ეროვნ. პარკში გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შემავალი ცხოველის 23 სახეობა, მათგან 9 ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) „წითელ ნუსხაშია“.

მ. ე. პ. ვიზიტორებს მრავალგვარ ეკოტურისტულ სერვისს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპლაინგი (სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმული ბაგირით სრიალი შეუძლიათ) და „თოკების პარკი“, რ-იც წარმოადგენს ეკოსაგანმან. ატრაქციას და გარემოში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზრდილებისთვის, ასევე ერთ- და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე განთავსებულია ორდღიანი ტურისტული თავშესაფარი. ეროვნ. პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნ. და ეკოტურებს.

ლიტ.: მტირალას ეროვნული პარკი და მისი დამხმარე ზონა, თბ., 2008.

ხ. წიკლაური