მოტივი

მოტივი, ლათ. Motivo ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირეული კატეგორია, მოტივაციის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. თავის მხრივ, მოტივაციის სფეროში შედის ყველა ის ცვლადი, რ-ებიც განსაზღვრავენ აქტივობის დაწყებას, მის განხორციელებასა და დასრულებას. ფსიქოლოგიის სხვადასხვა თეორ. სისტემაში საკუთრივ -ის ცნების მნიშვნელობა განსხვავებულად არის გაგებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მოტივაციის რომელ მახასიათებელს უკავშირებენ ამ ცნებას – აღძვრა-დინამიკას, მიმართულებას თუ სემანტიკას. პირველ შემთხვევაში . ისეთი ცნებების მონათესავეა, როგორიცაა მოთხოვნილება (იხ. მოთხოვნილება), ლტოლვა, მისწრაფება, ინტერესი და ა.შ. (დინამიკური ასპექტი); მეორე შემთხვევაში ის მიზანი, ანუ მოთხოვნილების ან ინტერესის საგანია (ტელეოლოგიური ასპექტი); მესამეში კი უკავშირდება საზრისს, მნიშვნელობას, სუბიექტურ ღირებულებას (სემანტიკური ასპექტი). -ზეა საუბარი ყველა შემთხვევაში, როდესაც დაისმის კითხვა „რატომ“, რის გამოც სრულდება ესა თუ ის მოქმედება. ამ კითხვაზე პასუხი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა თვალსაზრისით განიხილება ქცევა: მორალურით, სამართლებრივით, რელიგიურით თუ ესთეტიკურით. ამდენად, -ის ცნებას მრავალი ასპექტი აქვს. და მაინც, -ის, როგორც აქტივობის შინაგანი დეტერმინანტის, რეალური ბუნების დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ იქნება გახსნილი ქცევის მოტივაციური მექანიზმი ფსიქოლ. მეცნიერებაში.

ქართ. ფსიქოლ. სკოლაში -თან დაკავშირებით მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. რეგულაციის დონის თვალსაზრისით, დ. უზნაძე იმპულსურ და ნებელობით ქცევას გამოყოფდა და -ს ამ უკანასკნელს უკავშირებდა – . გადაწყვეტილების საფუძველია და გამოხატავს იმას, თუ რა ღირებულება აქვს კონკრეტულ ქცევას სუბიექტისთვის. ამდენად, . არსებითად, ქცევის სუბიექტური ღირებულებაა, რ-საც პიროვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილება ასაზრდოებს. იგი მოტივაციის პროცესში ყალიბდება, რ-ის დროსაც პიროვნება არკვევს, რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა მისთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული.

შ. ჩხარტიშვილი -ს ყოველგვარი ქცევის სტრუქტურის აუცილებელ ელემენტად მოიაზრებს. იმპულსური ქცევის -ის როლში ემოციურ ფორმაში მოცემული ქცევის სუბიექტური ღირებულება გვევლინება, ხოლო ნებელობითი ქცევის . ის ობიექტური, საზ. ღირებულებაა, რ-ის შექმნას, დაცვას ან განვითარებას ემსახურება მოცემული ქმედება. ი. იმედაძემ გააღრმავა წინამორბედთა ანალიზი. მისი აზრით, . ყოველთვის ქცევის სუბიექტური ღირებულების გამოხატულებაა და მის გამართლებას ემსახურება. ქცევა, რ-საც არ გააჩნია არავითარი სუბიექტური გამართლება, არც განხორციელდება, ვინაიდან ინდივიდი ინდიფერენტულია მის მიმართ, იგი მოკლებულია ყოველგვარ საზრისს. ცხოველის აქტივობის თუ ადამიანის იმპულსური ქცევის შემთხვევაში ავტომატურად ხორციელდება ის ქცევა, რ-საც მოცემულ მომენტში ყველაზე დიდი სუბიექტური ღირებულება აქვს. ამ დროს . წარმოდგენილია ემოციურ-საზრისული შეფასების (მნიშვნელობის განცდის) სახით. რთული ადამიანური აქტივობის პირობებში, როდესაც საჭიროა რამდენიმე ქცევითი ტენდენციიდან ერთის შერჩევა (სადაც რთულია ამა თუ იმ ქმედების რეალური სუბიექტური ღირებულების გარკვევა), ქცევას არა უბრალოდ მექანიკური გამართლება ესაჭიროება, არამედ მისი ღირებულების გაცნობიერება და, შესაძლოა, დასაბუთება. ნებელობით ქცევებში გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება ობიექტივაციის დონეზე ჩამოყალიბებულ -ს, რ-იც მოცემულია გონებრივი, ლოგიკური კონსტრუქტის (შეფასებითი მსჯელობა) ფორმით. . სუბიექტის მიერ იმის შეფასების შედეგია, თუ რა მოთხოვნილებებს და რამდენად აკმაყოფილებს მოცემული ქცევა, რა დანახარჯებს, ძალისხმევას მოითხოვს იგი სუბიექტისაგან მოცემულ სიტუაციაში. ამგვარად, . არის ქცევის სუბიექტური ღირებულება, რ-იც მის გამართლებას ემსახურება. ., როგორც ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულების განცდა, თავის თავში აერთიანებს ინდივიდის მიერ ყველა იმ გარემოების შეფასებას, რ-ებიც ქცევის ინიციაციასა და განხორციელებასთანაა დაკავშირებული. ქცევის სუბიექტურ ღირებულებაში, ანუ -ში აისახება ის, თუ რა სახის მოთხოვნილებები უკავშირდება ქცევას და როგორია მათი დაუკმაყოფილებლობის დონე, რა უნარ-საშუალებებს ფლობს ინდივიდი მათ დასაკმაყოფილებლად და რამდენად ხელშემწყობია ამ მხრივ ფიზ. თუ სოც. გარემო პირობები.

ქცევის რეალიზაციის პროცესში შეიძლება შეიცვალოს მისი ენერგეტიკული მუხტი, ანუ მოთხოვნილებისეული სისტემა, ქცევის შესრულების ფიზ. და ფსიქ. რესურსები ან გარემოს პარამეტრები. შესაბამისად იცვლება, იზრდება ან მცირდება -ის ძალა. თუ ცვლილებები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სერიოზულად შეარყია ქცევის მოტივაციური საფუძველი, საჭიროების შემთხვევაში ჩაირთვება პიროვნული თვითრეგულაციის მექანიზმები, რ-ებიც მოქმედებენ ქცევის ოპტიმალური, ენერგეტიკული და ღირებულებით-საზრისული კონტექსტის აღდგენის მიმართულებით.

ლიტ.: ვახანია ზ., მოთხოვნილებისა და მოტივაციის ცნებები განწყობის თეორიაში, „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე,“ 2017, №1; კაკაბაძე ვ., მოთხოვნილების ფსიქოლოგია. თბ., 1988; უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია. შრომები, ტ. 3–4. თბ., 1964; ჩხარტიშვილი შ., ნებისმიერი ქცევის მოტივის პრობლემა, თბ., 1958., Ильин Е. П. Мотивация и мотивы, СПб., 2006; Cofer C.N., Appley M.H. Motivation: theory and research. N.Y., 1966., Heckhausen J., Heckhausen H., Motivation and Action. Cambridge University Press, 2009; Plomin R. Motivation. Encyclopedia Britannica. 2009.

ი. იმედაძე