მოსხური მთები, ქედების სისტემა, რომელიც იხსენიება ანტიკურ (ბერძნულ-ლათინურ) წყაროებში. მ. მ-ით „მოსხიკე“ (მესხეთი) გამოიყოფოდა მეზობელი ტერიტორიებისგან, კერძოდ, ერთი მხრივ, კოლხეთისაგან (აჭარა-ახალციხის ქედი), მეორე მხრივ, კი – სომხეთის სამეფოსგან (ჭოროხ-მტკვრისა და ევფრატ-არაქსის წყალგამყოფი სისტემა). არსებობს სხვაგვარი ლოკალიზაცია, რ-ის მიხედვით მ. მ. აღმ. პონტოს ქედის ნაწილია (ს. ჯანაშია).
წყარო.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1941.
ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბ., 1977; ჯანაშია ს., პარიადრი, სკიდისი, მოსხური მთები, „საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1952, ტ. 2; Хазарадзе Н. В., К вопросу о локализации Мосхийских гор, «Вопросы древней истории», 1977 т. 5,.
დ. მუსხელიშვილი