მოსწავლეთა ოლიმპიადა, მოსწავლეთა შეჯიბრება ცოდნის რომელიმე დარგში დავალებათა შესრულებაში. მ. ო-ების რეგულარული ჩატარება, სავარაუდოდ, დაიწყო უნგრეთში, სადაც მათ. ოლიმპიადები 1894-იდან იმართებოდა. სსრკ-ში მოსწავლეთა პირველი ოლიმპიადა (პიონერ-მათემატიკოსთა ოლიმპიადა) შედგა თბილისში 1933 წ. 28 ნოემბერს. 26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლის მათ. მასწავლებლის, ს. ვაშაყმაძის თაოსნობით. XX ს. 30-იანი წლებიდან ტრად. გახდა მოსწავლეთა მათ. ოლიმპიადები. 60-იანი წლებიდან ტარდებოდა ოლიმპიადები ფიზ., ქიმ., ბიოლ. და სხვ. სასწ. საგნებში. საკავშ. ოლიმპიადებში გამარჯვებულები მონაწილეობდნენ საერთაშ. ოლიმპიადებში. 1973–74 სასწ. წელს შედგა პირველი საკავშ. ოლიმპიადა „სტუდენტი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი“.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა 1993-იდან მონაწილეობს საერთაშ. ოლიმპიადებში, რ-ებიც ტარდება ყოველწლიურად ძირითად საგნებში. საქართველოს ნაკრებს მრავალი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ბრაზილიაში (რ-შიც 111 ქვეყანა მონაწილეობდა) 2017 წელს ჩატარებულ 58-ე საერთაშ. მათ. ოლიმპიადაში ნაკრების ექვსივე წევრმა მედალი მიიღო და გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-12 ადგილი დაიკავა.
ლიტ.: შენგელია ლ., ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, „მათემატიკა“, №5, 2018.
ლ. შენგელია