მოსტკოვი მიხეილ აბრამის ძე

მ. მოსტკოვი 

მოსტკოვი მიხეილ აბრამის ძე [28. V(10. VI). 1900, აბაშა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 18. III. 1956, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი და ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1937), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1955), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). თბილ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ) დამთავრების შემდეგ (1922) მუშაობდა ბაქოში, აზერბაიჯანის პოლიტექნ. ინ-ტში, იმავდროულად – აზერბაიჯანის წყალთა მეურნეობის სამმართველოში (1925–28). იყო მდ. ხრამზე პირველი მშენებარე ჰესის მთ. ინჟინერი (1928), იმავდროულად კითხულობდა ლექციებს საქართვ. ინდუსტრიულ ინ-ტში. შემდგომ წლებში -მ უხელმძღვანელა 25-ზე მეტი ჰესის დაპროექტებას. იყო თბილ. სარკინიგზო ტრანსპორტის ინ-ტის ჰიდრავლიკისა და წყალმომარაგების კათედრის გამგე (1938); საქართვ. მეცნ. აკადემიის ენერგეტიკის ინ-ტის ჰიდროტექნიკური განყ-ბის გამგე (1939–56), მინისტრთა საბჭოს მაღალი კაშხლების კომისიის თავ-რე (1955–56), ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. არის სამეცნ. სტატიების ავტორი. -ის ნაშრომები ეძღვნება ჰიდრავ., ჰიდროტექ. და ჰიდროენერგეტ. საკითხებს. მანვე წარმოადგინა ჰიდრავლიკური დარტყმის გაანგარიშების ორიგინალური მეთოდი (1937). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ჰიდროენერგეტიკის საფუძვლები, თბ., 1954; ჰიდროტექნიკური ნაგებობანი რკინიგზის ტრანსპორტზე, თბ., 1960; Гидравлический удар в гидроэлектрических станциях, М.-Л., 1938; Основы теории гидроэнергетического проектирования, М., 1948; Гидравлический справочник, М., 1954; Техническая гидромеханика, М., 1963.