მოსკოვის ხელშეკრულება 1921

მოსკოვის ხელშეკრულება 1921, საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს (რსფსრ და თურქეთის დიდი ეროვნული კრება) შორის დადებული ე. წ. მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება, რ-საც ხელი მოეწერა კრემლში 16 მარტს (საბჭ. რუსეთის მხრიდან – გ. ჩიჩერინი და ჯ. კორკმასოვი; თურქეთის მხრიდან – იუსუფ ქემალ ბეი, რიზა ნურ ბეი და ალი ფუად ფაშა). ხელშეკრულება შედგებოდა პრეამბულის, 16 მუხლისა და 3 დანართისაგან. მუხლი 1-ის მიხედვით მხარეებმა პირობა დადეს, რომ „არ აღიარებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ან სხვა საერთაშორისო აქტებს, რომელთა მიღება აიძულეს მეორე ხელშემკვრელ მხარეს“. მუხლი 1-ის ბოლო ნაწილი, მუხლი 2, მუხლი 3 და სამი დანართი ეხებოდა ტერიტ. საზღვრებს. საქართველოსგან თურქეთს გადაეცა ბათუმის ოლქის სამხრ. ნაწილი და ართვინი, სომხეთისგან – ყარსის ოლქი და სურმალინის მაზრა, სომხეთს ასევე გამოეყო ნახიჩევანის მაზრა, შარურო-დარალაგეზის მაზრის დიდი და ერევნის მაზრის მცირე ნაწილები და ავტონ. ტერიტ. სახით გადავიდა საბჭ. აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში მესამე სახელმწიფოსათვის არდათმობის პირობით (მუხლი 3). საბჭ. რესპუბლიკების საშინაო საქმეებში ჩარევის მაგალითი იყო აგრეთვე მუხლი 2, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთი თანახმაა გაათავისუფლოს ბათუმის მიმდებარე ტერიტორია და „დაუთმოს“ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ფართო ავტონომიის მინიჭების, თურქეთისათვის კი ბათუმის პორტში უბაჟო ტრანზიტის პირობით. მ. ხ-ის ეს პირობები მძიმე იყო საქართველოსთვის და განსაკუთრებით სომხეთისთვის (მას გამოეყო ტერიტორიის დაახლ. ნახევარი). ამას შეიძლებოდა უკმაყოფილება გამოეწვია, ამიტომ ხელშეკრულების მე-15 მუხლი ითვალისწინებდა საბჭ. რუსეთის ვალდებულებას, რომ ამიერკავკ. რესპუბლიკები აუცილებლად აღიარებდნენ ხელშეკრულების იმ მუხლებს, რ-ებიც უშუალოდ მათ ეხებოდათ. მ. ხ-ის დარჩენილი მუხლების მიხედვით მხარეებმა აღიარეს აღმ-ის ხალხების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უფლება (მუხლი 4), დაარეგულირეს შავი ზღვისა და სრუტეების სტატუსი, რაც ამიერიდან შავი ზღვის ქვეყნების კონფერენციით უნდა განსაზღვრულიყო (მუხლი 5), ძალადაკარგულად ცნეს ორ ქვეყანას შორის ადრე დადებული ყველა შეთანხმება. საბჭ. რუსეთი ათავისუფლებდა თურქეთს მეფის მთავრობასთან დადებული წინა ხელშეკრულებებით ნაკისრი ყველა ფულადი და სხვა ვალდებულებისაგან (მუხლი 6). მხარეების შეთანხმებით, საბჭ. რუსეთი თურქეთს საჩუქრად გადასცემდა 10 მლნ. მან. (ოქროთი) და გაუზრდიდა იარაღით დახმარებას.

მ. ხ. აღიარებულია თურქეთის დიპლომატიის დიდ წარმატებად. ხელშეკრულებამ განაპირობა თურქეთის დამოუკიდებლობისა და თანასწორუფლებიანობის პირველი ოფიციალური აღიარება. საბჭ. რუსეთის მთავრობის ზეწოლით ამიერკავკ. საბჭოთა მთავრობებმა ცნეს მათთვის არახელსაყრელი ხელშეკრულების პირობები (იხ. აგრეთვე ყარსის ხელშეკრულება 1921).

ლიტ.: თოიძე ლ., საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921–1923 წლებში, თბ., 1999; სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია (1600–1923), II, თბ., 2002; ჯანელიძე ო., ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2013.

მ. ზალდასტანიშვილი