მოსკოვის ქართული ახალშენი

მოსკოვის ქართული ახალშენი, XVIII ს. 90-იან წლებში წარმოქმნილი ქართველთა დასახლების უბანი მოსკოვში. XVI ს-იდან საქართვ. სამეფო-სამთავროებმა მჭიდრო პოლიტ. ურთიერთობა დაამყარეს მოსკ. სახელმწიფოსთან. ამ პერიოდიდან მოსკოვში მრავალი ქართვ. პოლიტ. და კულტურის მოღვაწე ჩადიოდა. აქ ქართველთა დამკვიდრების ცალკეული ფაქტები XVII ს. 20-იანი წლებიდან დოკუმენტურად დასტურდება. რუს. სამეფო კარის ინიციატივით 1652 მოსკოვში დედასთან ერთად ამალით ნიკოლოზ ბატონიშვილი (შემდეგში ერეკლე I) ჩავიდა. მისი მხლებლებიდან XVII ს. 70-იან წლებში მოსკოვს დამკვიდრებულმა დავითაშვილებმა საფუძველი ჩაუყარეს ქართველებით დასახლებული უბნის წარმოქმნას. 1684 მოსკოვში ჩავიდნენ მამუკა და ალექსანდრე ბატონიშვილები, 1685 – მათი მშობლები, არჩილ II და ქეთევან დედოფალი ოჯახის წევრებითა და ამალით. 1691 ალექსანდრესა და მამუკას საკუთრებად ებოძათ თავად ვ. გოლიცინის ყოფილი სასახლე. მალე ქართველებმა ქალაქგარეთ მიიღეს აგარაკი ვსეხსვიატსკოეში. ასე ჩამოყალიბდა ქართველთა ახალშენი მოსკოვში. 1700 პეტრე I-მა მოსკოვში დაბრუნებულ არჩილ მეფესა და ალექსანდრე ბატონიშვილს წლიური ფულადი და ნატურალური ულუფის ნაცვლად ნიჟნი-ნოვგოროდში ვრცელი მამულები უბოძა (ბელგოროდის, ლისკოვოსა და ტერიუშევოს თემები ასზე მეტი დასახლებული პუნქტით და 4 ათ-მდე კომლით). ახალშენის პირველი მეთაური იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, ხოლო ნარვის ბრძოლაში შვედების მიერ მისი დატყვევების შემდეგ – არჩილ II. 1712 პეტრე I-მა მემკვიდრეობა არჩილის ქალიშვილს, დარეჯან ბატონიშვილს დაუმტკიცა. XVIII ს. 20-იან წლებში მ. ქ. ა. შუამავლის როლს ასრულებდა რუს. სახელმწიფო კარსა და ქართლის სამეფოს შორის. 1724 ვახტანგ VI-ისა და მისი მრავალრიცხოვანი ამალის მოსკოვში დამკვიდრებით ქართველთა ახალშენი გაფართოვდა. 1729 პრესნიაზე შეიქმნა დასახლებული უბანი – გრუზინო. გაიზარდა ქართველთა რიცხვი ვსეხსვიატსკოეში, რ-ის გვერდით გიორგი ბატონიშვილმა გააშენა სოფ. გეორგიევსკოე. XVII ს. 30-იან წლებში ვსეხსვიატსკოეში დარეჯანმა ააშენა ახ. სამლოცველო, რ-იც დღემდეა დაცული. პრესნიაზე მცხოვრებმა ქართველებმა მთავარმოწამე წმ. გიორგის სახელზე თავდაპირველად ააგეს ხის, ხოლო შემდეგ ქვის ეკლესია. 1705 დონის მონასტრის წინამძღვარი (არქიმანდრიტი) გახდა ლავრენტი (გაბაშვილი). 1711 ამავე მონასტერში საფუძველი ჩაეყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს.

1726 დარეჯანმა თავისი მამულების მემკვიდრედ დაამტკიცა ბაქარი. 1740 ეს მამულები გადავიდა ქართ. ახალშენის მეთაურის, ბაქარის ხელში. 1748 მ. ქ. ა-ის სამფლობელო გაიყვეს ბაქარმა და გიორგი ბატონიშვილმა. ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) მის წილ მამულებს თავდაპირველად დედოფალი ანა, ხოლო შემდეგ ბაქარის შთამომავლები დაეუფლნენ.

მ. ქ. ა. ქართ. კულტურის მძლავრი კერა იყო. არჩილ II-ის ინიციატივით მოსკოვში დამზადდა ქართ. საბეჭდი დაზგა, 1704 იქვე ჩამოისხა ქართული შრიფტი, ხოლო 1705 მარტში დაიბეჭდა პირველი ქართ. წიგნი – „ფსალმუნი“. XVIII ს. 30-იან წლებში ვახტანგ VI მოსკოვში ქართული საგამომცემლო საქმიანობის განახლებას შეეცადა. 1736–37 იოსებ სამებელის (ქვაბულიძე) ხარჯითა და ქ. გურამიშვილის ხელმძღვანელობით პეტერბურგის მეცნ. აკადემიაში ჩამოისხა ქართ. შრიფტი, დამზადდა სასტამბო მოწყობილობა და დაიბეჭდა „ანბანი“. 1737–38 მოსკოვში ამოქმედდა დამოუკიდებელი ქართ. სტამბა, რ-შიც ძვ. ქართ. კულტურის ათამდე სახელწოდების შესანიშნავი ძეგლი დაიბეჭდა (მ. შ. „დაბადება“, 1743). 1761 მოსკოვში სტამბა გახსნა ათანასე თბილელმა, ხოლო XIX ს. დამდეგს – გ. პაიჭაძემ.

მ. ქ. ა-ში ითარგმნა მრავალი ძეგლი, მ. შ. „პროლოგ-სვინაქსარი“ (XVII ს. 80-იანი წლები); ბ. სოლოღაშვილმა დაიწყო ბერძნულიდან მსოფლიო ისტორიის („ქრონოგრაფიის“) თარგმნა, რაც შემდეგ არჩილ II-მ დაასრულა (1706–10) რუსულიდან. იმავე პერიოდში ითარგმნა სერბული რომანი „ალექსანდრიანი“, შეიქმნა სახელმძღვანელო – „არტილერიის წიგნი“ (XVIII ს. 20-იანი წლები), გადაიწერა ვახტანგ VI-ის ლექსები და პოემები, აგრეთვე – „ქართლის ცხოვრება“, არითმ. და გეომ. სახელმძღვანელოები. შემდეგ პერიოდში მ. ა. ბარათაშვილმა აქ შექმნა პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი“, ითარგმნა და გამოიცა თ. პროკოპოვიჩის „პირველ სასწავლო ყრმათა“ (1739) და სხვ. XVIII ს. 30-იან წლებში ბაქარის სასახლეში მოეწყო მცირე ობსერვატორია; მეცნიერ-ენციკლოპედისტმა ვახუშტი ბატონიშვილმა პრესნიაზე შექმნა „საქართველოს ატლასი“, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1744), თარგმნა და გადაწერა „მსოფლიო გეოგრაფია“ და სხვ. მ. ქ. ა-ის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ რუს. საზ.-კულტ. ცხოვრებაში. დიდი თეატრის პირველივე დასის წევრი იყო ნ. ზანდუკელი, მოსკოვის უნ-ტის ერთ-ერთი შემომწირველი – გიორგი ბატონიშვილი. მოსკოველ ქართვ. მოღვაწეებს მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი ჰქონდათ პეტერბ. მეცნ. აკადემიასთან, მოწინავე რუს მეცნიერებთან: მ. ლომონოსოვთან, ნ. ტატიშჩევთან, თ. პროკოპოვიჩთან და სხვ. მოსკოველმა ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუს. არმიის გარდაქმნაში, კერძოდ, რუს. არტილერიის მშენებლობაში აღსანიშნავია ალექსანდრე ბატონიშვილის, ბაქარის, გ. დადიანისა და სხვათა როლი. მოსკოველი ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ კასპიისპირეთის ლაშქრობაში. XVIII ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართვ. ჰუსართა პოლკი, რ-შიც ირიცხებოდა დ. გურამიშვილი. მ. ქ. ა-იდან გამოვიდნენ რუს. თვალსაჩინო სამხ., სახელმწ. და საზ. მოღვაწეები. მოსკოვში ქართველთა ცხოვრების კვალი შემოგვინახა ისტორიულმა ძეგლებმა და ადგილთა სახელწოდებებმა.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის,“ 1944, ნაკვ. 1; კალანდაძე რ., რუსეთის ქართული კოლონიებისა და სავანეების ისტორიიდან, თბ., 2008; რუხაძე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960; სიხარულიძე ფ., რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVII ს-ის 30-იან წლებში), კრ.: მეგობრობა, თბ., 1979; მისივე, მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991.

ფ. სიხარულიძე