მოსიძე ვახტანგ (ვათა) მიხეილის ძე (20. I. 1928, თბილისი, – 26. II. 1999, იქვე), ნეიროფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1970), მეცნ. დამს. მოღვაწე (1979), საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. ( 1988), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1997), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1996).
მ-მ 1949 დაამთავრა თსსი. 1949–51 იყო ამავე ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი. 1952–55 გაიარა ასპირანტურა ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ექსპერ. მედ. ინ-ტის ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგიის განყ-ბში, 1955–65 იყო ფიზიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1965–71 – ამავე ინ-ტის პირობითი რეფლექსების ლაბორატორიის, 1972-იდან ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991–99 – ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტის დირექტორი.
მ. იყო მეცნ. აკადემიასთან არსებული თავის ტვინის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი რესპ. კომისიის თავ-რე; 1972-იდან – ევროპის (International Brain Research Organization) IBRO-ს ტვინისა და ქცევის შემსწავლელი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი. 1976 მიენიჭა ი. თარხნიშვილის სახ. პრემია.
1970 მ. სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებთან, როგორებიც არიან ამერიკელი მკვლევარები: ნობელიანტი რ. სპერი, რ. მაიერსი და რ. დოტი.
მ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი, რ-ებიც ეხება ჰემისფეროების ურთიერთქმედების საკითხებს; კორძიანი სხეულის მნიშვნელობას ჰემისფეროების სინქრონიული მოქმედებისას და სხვ.
არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). თბილისში მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა.
თხზ.: Функциональная асимметрия мозга, Тб., 1977 (თანაავტ.); Взаимоотношения полушарий мозга, Тб., 1986 (თანაავტ.); Асимметрия мозга человека, Тб., 1990 (თანაავტ.).