მოსინიკები, ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი სამხრ. კოლხეთში. ადრინდ. ანტ. ხანაში ცხოვრობდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისა და კერასუნტის დას-ით. ძვ. წ. V ს-ში მ. ამ რ-ნის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარს. XIX სატრაპიაში. მათ შესახებ მრავალ ცნობას გვაწვდვის ძვ. ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რ-საც ძვ. წ. 401 გაუვლია მ-ით დასახლებულ ტერიტ-ზე. ამ დროს არსებობდა მ-ის ორი დიდი გაერთიანება, რ-ებიც ერთმანეთს ეომებოდნენ მთავარი ქალაქის და ციტადელის დასაუფლებლად. მ-ს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ხშირად იყენებდნენ წაბლს, სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მ-ს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს“ (ან იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.
მ-ში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონის დამუშავება. ზოგი ავტორიის ვარაუდით ევრ. ენებში სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება (Messing) მ-ის სახელიდან მომდინარეობს.
ლიტ.: გამყრელიძე ა., პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1965, [ტ. 1]; ლომოური ნ., კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1955, ნაკვ. 32; მისივე, ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, იქვე, 1963, ნაკვ. 35; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
გ. მელიქიშვილი