მოსე ხონელი

მოსე ხონელი (XII ს.), მწერალი. სავარაუდოდ, წარმოშობით დას. საქართველოს, კერძოდ დაბა ხონის, მკვიდრი იყო და „ხონელიც“ ამიტომ ეწოდა. განსხვავებული მოსაზრება აქვს მ. თოდუას. მისი აზრით, „ხონელის“ ნაცვლად უნდა იკითხებოდეს „ხომელი“. ეს ფორმა დაცულია პოემის ერთ-ერთ (H-54) ხელნაწერში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, სოფ. ხომა მდებარეობდა დღევანდელ ახალციხის მუნიციპალიტეტში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მ. ხ. თამარ მეფის მდივანმწიგნობარიც უნდა ყოფილიყო. მას საფალავნო-სათავგადასავლო პროზაული ნაწარმოების, „ამირანდარეჯანიანის“ ავტორად მიიჩნევენ იმ ტრადიციის საფუძველზე, რ-იც მომდინარეობს ფსევდორუსთველური სტროფიდან: „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა“. თხზულების ერთ-ერთი ნუსხის ბოლოს მიწერილია: მოსე ხონელის მიერ ნასიტყვიო. აღორძინების ხანაში მას ავტორად მოიხსენიებენ „ამირანდარეჯანიანის“ გამლექსავი ს. თანიაშვილი; „ვეფხისტყაოსნის“ კომენტარებში – თეიმურაზ ბატონიშვილი, აგრეთვე – „ომანიანის“ ავტორი; შ. ნუცუბიძე კი წარმართულ-მითოლოგიური „ამირანიანის“ ავტორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ძეგლის „გალიტერატურება“ შემდგომში მოხდა; დ. ლანგი და მ. ოუენი ფიქრობენ, რომ იგი მთარგმნელ-ადაპტატორია და ფოლკლორული ვერსია „ამირანდარეჯანიანის“ გავლენითაა შექმნილი. სხვა ცნობა მ. ხ-ის შესახებ არ მოგვეპოვება.

ლიტ.: ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1945; გრიგოლაშვილი ლ., მოსე ხონელი, კრ.: დიდნი საქმენი, თბ., 2011; თოდუა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, ტ. 2, თბ., 1975; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981; სამსონაძე ვ., მოსე ხონელის სადაურობისთვის, „საბჭოთა ხელოვნება“ 1982, №8; ჯანაშვილი მ., მოსე ხონელი და მისი „ამირანდარეჯანიანი“, ტფ., 1895; Марр Н. Я., Персидская национальная тенденция в грузинском романе Амиран-Дареджаниани, „Журнал Министерства народного просвещения“, 1895, №6; Нуцубидзе Ш., Руставели и восточный ренессанс, Тб., 1947; Хаханов А., Очерки по истории грузинской словесности, 2, М., 1897.

ს. მეტრეველი