მოსეს სამართალი

მოსეს სამართალი, მოსეს სჯული, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის (1705–08) პირველი წიგნი, ქართული სამართლის უაღრესად მნიშვნელოვანი წყარო. მეფე ვახტანგ VI-ის მიერ შექმნილ სწავლულ კაცთა კომისიას მ. ს. თარგმნისას იმდენად გადაუმუშავებია, რომ ის შესაბამისი ძეგლის ქართულ ვერსიადაა მიჩნეული. სწავლულ კაცთა კომისიას მეორე სჯულიდან (ძვ. აღთქმის მეხუთე წიგნი) ამოუკრებია საქართველოსთვის გამოსადეგი მუხლები და ქართ. სათაურები დაურქმევია. შესაბამისად, ებრაული კანონები ეროვნ. სამართლის ერთ-ერთ უძველეს წყაროს წარმოადგენს.

მ. ს-ის ქართულ ვერსიაში მრავალი მუხლი ეძღვნება რელიგ. რიტუალების აღსრულებას, ასევე განხილულია მკვლელობის საკითხები, გამიჯნულია სასჯელები განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის.

მ. ს. რელიგიურ და ეთიკურ ნორმათა ერთობლიობაა, რ-იც არეგულირებს რელიგიურ, სისხლის, სამოქალაქო, საოჯახო და საპროცესო ურთიერთობებს.

ლიტ.: მეტრეველი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.1, თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე