მოსე (ერისკაცობაში მათე მიხეილის ძე ბოგდანოვ-პლატონოვ-ანტიპოვი) (1783, – 13. VII. 1834, დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში), საქართველოს ეგზარქოსი (1832–34) მთავარეპისკოპოსის ხარისხით. დაამთავრა პეტერბურგის სას. სემინარია. 1822 მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნ. წოდება. სხვა რუსი ეგზარქოსებისაგან განსხვავებით, მან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო უძველეს ქართ. საეკლ. საგალობლებს და პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა ნოტებზე მათ გადასატანად; მ-მ თავის გარშემო შემოკრიბა საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ძვ. საეკლ. საგალობლების შემსრულებლები. მან კარგად იცოდა ოსური ენა, შეადგინა ოსური ენის გრამატიკა, რ-საც სახელმძღვანელოდ იყენებდნენ თბილ. სას. სემინარიაში.
მ. დიდი პატივით ეპყრობოდა საქართვ. ეკლესიის სიძველეებს, რ-ებიც ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ გაპარტახების პირას იყო მისული. მას განზრახული ჰქონდა საკუთარი ხარჯით აღედგინა თბილისში, მახათას მთაზე დანგრეული წმ. ელიას ტაძარი, მაგრამ მალევე გარდაიცვალა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
ლიტ.: ბერძენიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, I, ქართული საზოგადოებრიობა 1833–1834, თბ., 1983; ბუბულაშვილი ე., ქართული საეკლესიო საგალობლები ეგზარქოსების პერიოდში, კრ.: ქართული საეკლესიო გალობა, ერთ-ერთი ტრადიცია, თბ., 2001; ფერაძე ი., საქართველოს ეგზარქოსები, „მოგზაური“, 1901, №4; Кирион, Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата, Тфл., 1901; Православная богословская энциклопедия или Богословский энциклопедическии словарь, под ред. А. П. Лопухина, т. 4, Л., 1903.
ე. ბუბულაშვილი