მოსახლეობის რეალური შემოსავალი

მოსახლეობის რეალური შემოსავალი, სამომხმარებლო დოვლათი, რომლის შეძენაც შესაძლებელია პირის საკუთარი ნომინალური შემოსავლით. იგი შეფარდებითი მაჩვენებელია და ყალიბდება ორი ინდიკატორის – ნომინალური შემოსავლისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანაფარდობით, ანუ არის დროის კონკრეტულ პერიოდში მიღებული შემოსავალი კორექტირებული ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

მ. რ. შ-ების ინდიკატორი გამოიყენება მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის შესაფასებლად როგორც ქვეყნის შიგნით დროის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სოც. ჯგუფისათვის, ისე ქვეყანათა შორის.

რეალური შემოსავალი ძირითადად გაიანგარიშება სამი ფორმულით: 1. რეალური შემოსავალი = ნომინალური შემოსავალი – (ნომინალური შემოსავალი x ინფლაციის დონე); 2. რეალური შემოსავალი = ნომინალური შემოსავალი / (1 + ინფლაციის დონე); 3. რეალური შემოსავალი = (1 – ინფლაციის დონე) x ნომინალური შემოსავალი. ზოგჯერ მ. რ. შ-ის გასაანგარიშებლად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) ნაცვლად იყენებენ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის ინფლაციის, აგრეთვე მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლებს.

რეალური შემოსავლის ეფექტი განისაზღვრება საქონელსა ან მომსახურებაზე მოთხოვნის ცვლილებით, რაც გამოწვეულია მომხმარებლის შემოსავლის მყიდველობითუნარიანობის ზრდით ან შემცირებით. როდესაც ინფლაცია იზრდება, მ. რ. შ. მცირდება და პირიქით. რეალური შემოსავლის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ნომინალური შემოსავლის, ისე ფასებისა და ვალუტის კურსის ცვლილებამ და ძირითადად განისაზღვრება რეალური ხელფასით. ეს უკანასკნელი გამოხატავს მყიდველობითუნარიანობას საანგარიშო პერიოდში საბაზისო პერიოდთან შედარებით. რეალური ხელფასის გასაანგარიშებლად ნომინალური ხელფასის ინდექსი იყოფა სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დროის ერთსა და იმავე პერიოდში. რეალური შემოსავლისა და ხელფასის ზომებს ითვალისწინებენ სახელმწიფოს, პროფკავშირებისა და დამქირავებელთა სოც. დიალოგის დროს.

საქართველოში მ. რ. შ. გაიანგარიშება საქართვ. სტატისტ. ეროვნ. სამსახურის მიერ, რასაც საფუძვლად უდევს მოსახლეობისა და შინამეურნეობათა შემოსავლებისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) სტატისტიკა. 2024  წელს 2012 წელთან შედარებით საქართვ. მოსახლეობის საშ. თვიური ნომინალური შემოსავლები გაიზარდა 138,6%-ით, ნომინალური შემოსავლები მოსახლეობის ერთ სულზე კი – 143,3%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა შეადგინა 175,8% (ანუ ინფლაცია – 75,8%). მოსახლეობის მთლიანი რეალური შემოსავლები 2012 წელთან შედარებით 2023 წელს გაიზარდა 35,7%-ით, მ. შ. მოსახლეობის ერთ სულზე – 38,4%-ით. იმავე პერიოდში ეროვნ. მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშ. ხელფასი გაიზარდა 65,3%-ით, ხოლო 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა რეალური პენსია – 59,3%-ით.

ი. არჩვაძე