მოსახლეობის გეოგრაფია, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. შეისწავლის მოსახლეობის ტერიტორიულ ორგანიზაციას: მის განსახლებას, სიმჭიდროვეს, დასახლებული პუნქტების მიხედვით განაწილებას, მათ ურთიერთობას, აღწარმოების გეოგრაფიულ თავისებურებებს, სქესობრივ-ასაკობრივ, ეროვნ. და რელიგ. სტრუქტურას, ასევე იძლევა კონკრეტული ტერიტორიის (დასახლება, რეგიონი, ქვეყანა) მოსახლეობის ყოვლისმომცველ მახასიათებლებს. ყოველივე აღნიშნული განიხილება დროსთან კავშირში. მნიშვნელოვანი და აქტუალური სფერო ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი მიმართულებისაგან შედგება. პირველი მიმართულების კვლევის სფეროა მოსახლეობის აღწარმოება, მიგრაცია, ასაკობრივ-სქესობრივი, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური შემადგენლობა, შრომითი რესურსები, მოსახლეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. მეორე მიმართულების კვლევის არეალია დასახლებები და მათ ტიპები, ურბანიზაციის გეოგრაფია, სასოფლო განსახლებები, განსახლებათა სისტემები. თითოეული შემადგენელი ელემენტი შეისწავლება მაკრო- (მსოფლიო, მსოფლიოს მაკრორეგიონი), მეზო- (სუბრეგიონი, სახელმწიფო) და მიკროდონეზე (სახელმწიფოს ტერიტ.-ადმ. ერთეული ან დასახლებული პუნქტების სისტემა).
მ. გ-ს მჭიდრო კავშირი აქვს მრავალ მეცნიერებასთან, მ. შ. აღსანიშნავია: დემოგრაფია, სოციოლოგია, ეთნოგრაფია, ანთროპოლოგია, ლინგვისტიკა, ურბანისტიკა, სტატისტიკა და ეკონომიკა. ანტიკური ავტორები თავიანთ ნაშრომებში უმთავრესად სხვადასხვა ქვეყნის ხალხის აღწერილობით შემოიფარგლებოდნენ. მ. გ-ის ფორმირებაზე გავლენა იქონია XX ს. დასაწყისში გავრცელებულმა ფ. რატცელის ,,ანთროპოგეოგრაფიამ“ და XIX–XX სს. მიჯნაზე ვიდალ დე ლა ბლაშის მიერ ჩამოყალიბებულმა ,,ადამიანის გეოგრაფიამ“. პირველად ტერმინი მ. გ. 1927 გამოიყენა გერმ. გეოგრაფმა ა. ჰეტნერმა მონოგრაფიაში ,,გეოგრაფია, მისი ისტორია, არსი და მეთოდები“. მ. გ-ის, როგორც განსაკუთრებული სამეცნ. მიმართულების, ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XX ს-ში მოსახლეობის მზარდმა მატებამ და II მსოფლიო ომის შემდგომმა ,,ბეიბი-ბუმმა“. 1950 პ. ჟორჟმა სტატიაში ,,მოსახლეობის გეოგრაფია და დემოგრაფია“ გამოიყენა ტერმინი მ. გ., 1953 ამერ. გეოგრაფების ასოციაციის პრეზიდენტი (აღიარებულია ,,მოსახლეობის გეოგრაფიის მამად“) გ. თრევარტა გამოვიდა მოხსენებით ,,მოსაზრებები მოსახლეობის გეოგრაფიის სასარგებლოდ“, რაც სპეციალისტების მიერ მ. გ-ის მანიფესტად შეფასდა. მ. გ-ის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს: ჟ. ბოჟე-გარნიემ, ვ. ზელინსკიმ, ვ. ბუნგემ, ჯ. კლენსმა, ვ. ორმოტსკიმ, ლ. კოსინსკიმ, ი. საუშკინმა, დ. ანუჩინმა, ვ. პოკშიშევსკიმ, ა. იაგელსკიმ და სხვ. მ. გ-ის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები XX ს. 60-იან წლებში გამოჩნდა.
XXI ს-ში გაფართოვდა მ. გ-ის კვლევის არეალი. იგი თავის არსენალში ფართოდ იყენებს გეოინფორმაციულ სისტემებს. მ. გ-ის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთი პრობლემების კვლევებთან როგორიცაა: მსოფლიო მოსახლეობის ზრდა, საერთაშ. მიგრაციები, ტრანსეროვნულობა, ადამიანის უსაფრთხოების პრობლემები, მოსახლეობის, გარემოსა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი, ეკონომიკური განვითარება და სიღარიბე.
მ. გ-ის გამოკვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიული და მიგრაციული პოლიტიკის დამუშავებისა და დასაბუთებისათვის, განსახლებათა სქემების შექმნის სხვადასხვა მასშტაბის ტერიტორიების სივრცობრივი დაგეგმვისა და პროგნოზირებისათვის. 1956 რიო დე ჟანეიროში გამართულ გეოგრაფთა საერთაშ. კონგრესზე დაფუძნდა მ. გ-ისა და დასახლებათა სექცია; საერთაშ. გეოგრ. კავშირში (IGU) მოქმედებს მ. გ-ის კომისია, სადაც დარგის აქტუალურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება საერთაშ. კონფერენციები.
ქართვ. მეცნიერებიდან მ. გ-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვ. ჯაოშვილს (მისი 1983 გამოცემული ,,მოსახლეობის გეოგრაფია“ ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ არის აღიარებული), ვ. გუჯაბიძეს, რ. გაჩეჩილაძეს, ა. რონდელს, ზ. დავითაშვილს, ვ. ნეიძეს, გ. ცაგარელს, გ. გოგსაძეს, ი. სალუქვაძეს და სხვ.
გ. მელაძე