მოსახლეობის აღწერა

მოსახლეობის აღწერა, ქვეყანაში ან მის მკაფიოდ შემოფარგლულ ნაწილზე მცხოვრები მთელი მოსახლეობის შესახებ დროის განსაზღვრული მომენტისთვის დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემების შეგროვების, განზოგადების, შეფასების, ანალიზისა და პუბლიკაციის მთლიანი პროცესი.

მ. ა. (აღრიცხვა) უძველესი დროიდან ტარდება. სტატისტ. აღრიცხვის სხვადასხვა ფორმა არსებობდა ძვ. ჩინეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, იუდეაში, ძვ. საბერძნეთის ქალაქებსა და რომში. იქ მოსახლ. აღრიცხვა ფინანს. და სამხ. მიზნებისთვის ხდებოდა, რათა სცოდნოდათ გადასახადის გადამხდელთა და მეომართა რაოდენობა. შესაბამისად, აღწერა მოიცავდა ცნობებს მხოლოდ გადასახადის გადამხდელი და ჯარში გასაწვევი კონტინგენტის შესახებ. ზოგჯერ ატარებდნენ მოსახლ. შემადგენლობის უფრო სრულ აღრიცხვასაც. მოგვიანებით აღწერა (ცენზად წოდებული) ტარდებოდა საადგილმამულო აღწერილობის, ანუ კადასტრების სახით, რ-შიც მოსახლეობაც აღირიცხებოდა. ცენზის შედეგები შეჰქონდათ აღწერის დავთარში, რ-საც მუდმივად აწარმოებდნენ. მის საფუძველზე განისაზღვრებოდა გამოსაღებთა ზომა, ხოლო თავად ჩანაწერები ან მათგან ამონარიდები, მიწებისა და ქონების მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები იყო.

შუა საუკუნეებში სამეურნეო აღწერა საყოველთაოდ გავრცელდა დას. ევრ. ქვეყნებში. მიწებისა და ქონების აღწერასთან ერთად მასში მოიპოვებოდა მწირი ცნობები მოსახლეობის შესახებაც, ვინაიდან აღწერისას მხოლოდ მეურნეობათა (ანუ ოჯახის) რიცხვს უთითებდნენ, მოსახლეობის რიცხოვნობისა და მით უმეტეს მისი სტრუქტურის დადგენა მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად, ირიბი გაანგარიშებების გზით შეიძლებოდა.

XVIII ს. შუა ხანებიდან, კაპიტალიზმისა და საბაზრო ურთიერთობების განვითარებამ გაზარდა მოთხოვნა ინფორმაციაზე მოსახლ. რიცხოვნობისა და სტრუქტურის შესახებ, რის გამოც მ. ა-მ საყოველთაო ხასიათი მიიღო, დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა და არ უკავშირდებოდა უშუალოდ რაიმე კერძო ადმ. მიზნებს.

1749-იდან შვედეთში დაიწყეს მოსახლ. რეგულარული აღრიცხვა, ხოლო საყოველთაო რეგულარული აღწერების ისტორია იწყება 1790-იდან აშშ-ში. 1801 აღწერები ერთდროულად ჩატარდა ინგლისში, შოტლანდიაში, საფრანგეთში, დანიასა და ნორვეგიაში, თუმცა ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ არასრულყოფილი იყო, ვინაიდან იმ დროის მ. ა-ის პროგრამებში შედიოდა მხოლოდ 2–4 კითხვა, ამასთანავე ტარდებოდა საკმაოდ ხანგრძლივად, შესაბამისად არ იყო დაკავშირებული დროის ზუსტ მომენტთან და არ გააჩნდა მკაფიოდ განსაზღვრული წესები.

XIX ს. შუა ხანებიდან მ. ა-მ მიიღო საყოველთაო ხასიათი, რასაც მეტწილად ხელი შეუწყო ევრ. მრავალ ქვეყანაში ადმინისტრაციულისგან გამოყოფილი სპეც. სტატისტ. ორგანოების შექმნამ და სტატისტ. მეცნიერების განვითარებამ.

მეცნიერულ დონეზე პირველი აღწერა ჩატარდა 1846 ბელგიაში, ა. კეტლეს (1796–1874) ხელმძღვანელობით. მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ერთდღიანი იყო და ფაქტობრივად აღრიცხავდა სახეზე მყოფ მოსახლეობას, ე. ი. იქ, სადაც მას მოუსწრო აღწერამ. წინა აღწერები კი ხდებოდა იურიდ. საბუთების (ე. წ. მიწერილი მოსახლეობა) მიხედვით. ამ აღწერებს ატარებდნენ სპეციალურად მომზადებული რეგისტრატორები და არა ადმ. ჩინოსნები. ამ აღწერის გამოცდილება, ისევე როგორც მისი სტატისტ. ორგანოების სტრუქტურა, სხვა ევრ. სახელმწიფოებმაც გაიზიარეს. აღწერის მეთოდოლოგიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშ. კონგრესებს, რ-თაგან ერთ-ერთი რუსი სტატისტიკოსის, გეოგრაფისა და მოგზაურის პ. სემიონოვ-ტიან-შანსკის (1827–1914) ინიციატივითა და თავმჯდომარეობით ჩატარდა 1872 პეტერბურგში. ამ კონგრესზე შემუშავდა მ. ა-ის ჩატარების ძირითადი პრინციპები, რ-ებიც ახლაც გამოიყენება. კერძოდ, პეტერბურგის კონგრესმა ყველა ქვეყანას მისცა რეკომენდაცია, რომ საყოველთაო აღწერა ჩაატარონ რეგულარულად, არა უგვიანეს 10 წელიწადში ერთხელ, 0-ით დაბოლოებულ ან მასთან მიახლოებულ წელს, აღრიცხონ ფაქტობრივი და არა იურიდ. (მიწერილი) მოსახლეობა და დაუკავშირონ აღწერისას შეგროვებული ყველა ცნობა დროის ერთ, ზუსტად განსაზღვრულ მომენტს (საათს). ეს რეკომენდაციები ყველა ქვეყანამ გაიზიარა. თანამედროვე მ. ა-ის ჩატარება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, ესენია: 1. იმ ტერიტორიის მოსახლეობის საყოველთაო მოცვა, სადაც ტარდება აღწერა, ე. ი. უკლებლივ ყველა მცხოვრების აღრიცხვა; 2. მ. ა-ის ჩატარების პერიოდულობა (ანუ რეგულარულობა), დროის თანაბარი შუალედების, ჩვეულებრივ ყოველი 10 ან 5 წლის შემდეგ; 3. მ. ა-ის მიზნების დამოუკიდებლობა სახელმწ. რაიმე კონკრეტული კერძო ინტერესებისგან, როგორიცაა: გადასახადის გადახდა, ცნობები წვევამდელთა რაოდენობის შესახებ და ა.შ. ასევე მ. ა. არ უკავშირდება არავითარ ადმ. ღონისძიებას, არ შეეხება ცალკეულ მოქალაქეთა არც ქონებრივ და არც პირად ინტერესებს; 4. აღწერით მოცულ მთელ ტერიტორიაზე მ. ა-ის ერთიანი პროგრამითა და ერთიანი წესით ჩატარება. ამ პრინციპის დაცვა საჭიროა შესადარი შედეგების მისაღებად; 5. რეგისტრაციის ინდივიდუალობა (სახელობითობა), ანუ მონაცემების შეგროვება ცალკეულ ადამიანებზე და არა ოჯახის, მეურნეობის, საცხოვრისის და ა.შ. ჯამური შედეგების სახით; 6. ცნობების მიღება უშუალოდ მოსახლეობისგან; 7. აღწერისას მოსახლეობისგან მიღებული ცნობების ანონიმურობის გარანტია; 8. თვითგამორკვევის პრინციპი, ე. ი. სააღრიცხვო ფურცლებში მონაცემთა ჩაწერა გამოსაკითხთა (რესპოდენტთა) პასუხების მიხედვით, მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის მოთხოვნის გარეშე; 9. აღწერის ერთმომენტურობა, ე. ი. აღწერისას თითოეული ადამიანის შესახებ შეგროვებული ყველა ცნობის ერთი ზუსტი (მ. ა-ის კრიტიკულ მომენტად, ანუ მოსახლეობის თვლის მომენტად წოდებული) დროისადმი შეფარდება; 10. აღწერის ჩატარების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა.

მ. ა-მ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა II მსოფლიო ომის შემდგომ კოლონიური სისტემის რღვევისა და აზიის, აფრიკისა და ლათ. ამერიკის გათავისუფლებული ქვეყნების ჩამოყალიბების შემდეგ. XX ს. დასასრულისთვის აღწერა ჩატარდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველოში, როგორც სახელმწიფოებრიობის მქონე ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში, მ. ა. უძველესი დროიდან ტარდებოდა, თუმცა ადრეული პერიოდის შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა წერილობითი ცნობაა შემორჩენილი. IX–XI სს. მატიანეებში მოიპოვება ცნობები მხოლოდ თავადებისათვის ხარკის შეკრების შესახებ. სავარაუდოა, რომ ხარკის შეკრებისას აღირიცხებოდა დაბეგრილი მოსახლ. რიცხოვნობაც, მაგრამ ამ აღრიცხვის დეტალები უცნობია. უფრო საიმედოა მატიანის ცნობები XIII ს-ში თათარ-მონღოლთა შემოსევების პერიოდში მოსახლ. აღრიცხვის შესახებ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მაშინ აღწერები, როგორც სხვა ქვეყნებში, უფრო სამეურნეო ხასიათისა იყო, ე. ი. დაკვირვების ერთეული იყო მეურნეობა („სახლი“), მ. ა-ს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ამ აღწერებით მცხოვრებთა მთელი რაოდენობის გარკვევა ვერ ხერხდება.

ქართ. საისტორიო წყაროების მიხედვით მოსახლეობისა და ქონების შესახებ სტატისტ. ცნობების მოპოვება XIII ს-იდან ანუ მონღოლების ბატონობის დროიდან იწყება. 1254, საქართვ. მკვიდრნი და მათი ქონება აღწერა ვეზირმა არღუნმა. სავარაუდოა, რომ მოსახლ. აღრიცხვა საქართველოში უფრო ადრეც წარმოებდა, მაგრამ საამისო საბუთები ჯერჯერობით დადგენილ-აღმოჩენილი არ არის.

მოსახლ. იმდროინდელ აღწერებს რომ ძირითადად ფისკალური და სამხ. მიზნები ჰქონდა დასახული, დასტურდება 1721 წლის მოწინავე დროშის აღწერის დავთრის შესავალში, სადაც ნათქვამია: „... აღვწერეთ ამა დავთართა შინა, რომელთა ძალედვა აბჯართა და ცხენთა ხმარებანი, გინა სამეფო ხარჯთა და ბეგარათა გამოღებანი, ხოლო რომელთა არა ძალედვის ყოვლისა რასამესი ქმნა და გამოღება, განუტევით და არა აღვწერეთ წიგნსა ამასა შინა...“.

მ. ა-თვის საქართველოში საგანგებო წესები ყოფილა დადგენილი, რ-ებიც ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ საკმაოდ დაწვრილებით არის ჩამოთვლილი.

ქალაქისა და მომთაბარე მ. ა-თვის განსაკუთრებული წესები იყო დადგენილი: ქალაქის მ. ა. „შვიდს წელიწადში ერთხელ მოხდების. არაბინადარი, მომთაბარე მოსახლეობა, როგორც უფრო მოძრავი მოსახლეობა, სამ წელიწადში ერთხელ აიწერების“, რაც ადასტურებს, რომ მ. ა-ის პერიოდული გამეორება, ძვ. საქართველოში საყოველთაო წესად ყოფილა შემოღებული.

XIX ს. (განსაკუთრებით კი მისი პირველი ნახევრის) საქართვ. დემოგრ.-სტატისტ. მონაცემები მოცემულია კამერალურ აღწერილობანში, რ-საც 1803-იდან რეგულარულად აწარმოებდა მეფის რუსეთის ადგილ. ხელისუფლება.

საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარებისთანავე არსებითად შეიცვალა სტატისტ. სამუშაოთა შინაარსი, მოცულობა, პროგრამა და ორგანიზაცია. მას ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიეცა, შესაბამისად გაიშალა ერთდროულ და პერიოდულ სტატისტ. სამუშაოთა წარმოება, დაგროვებულ და ახლად მოპოვებულ პირველად მასალათა დამუშავება და პუბლიკაცია.

დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ ჩატარებულია მოსახლ. ათი საყოველთაო აღწერა, რ-თა ჩატარების წლები და მოსახლ. შესაბამისი რიცხოვნობა მოცემულია ცხრილში.

* მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით.

 

ლიტ.: გამყრელიძე გ., დემოგრაფიული სტატისტიკა, თბ., 1955; თაყაიშვილი ე., მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში, თბ., 1907; Гозулов А. И., История отечественной статистики, М., 1957; Принципы и рекомендации в отношении проведения переписей населения и жилого фонда, Н. Й., ООН, 1981; Советская демография за 70 лет. Из истории науки, М., 1987.

ა. სახვაძე