მოსაშვილი ილო ონისიმეს ძე

ი. მოსაშვილი 

მოსაშვილი ილო ონისიმეს ძე (7. I. 1896, ჩარგალი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 2. VIII. 1954, თბილისი), მწერალი. 1914 იურიდ. განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადავიდა ხარკოვში და იქ განაგრძო სწავლა იმავე ფაკ-ტზე, რ-იც 1917 დაამთავრა. 1911 გაზ. „სინათლეში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, ხოლო აქტიური ლიტ. საქმიანობა დაიწყო 1920-იდან. -ის პოეზია აღსავსეა ღრმა ლირიზმითა და მასშტაბურობით. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან ქართველი მკითხველი აზიარა ი. კრილოვის, ტ. შევჩენკოს, ი. ფრანკოს, ვ. მაიაკოვსკის, ს. ესენინისა და სხვათა შემოქმედებას. დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. აღსანიშნავია მისი ღვაწლი დრამატურგიაში. -მა გაამდიდრა ჩვენი თეატრების რეპერტუარი ეროვნ. სულისკვეთებით აღსავსე ქმნილებებით. ქართ. სცენაზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „სადგურის უფროსი“, „გზა მომავლისა“, პიესისათვის „ჩაძირული ქვები“ (რუსთაველის ეროვნ. თეატრი, 1949) მიენიჭა სტალინური პრემია (1950). მ. რამდენიმე ქართ. ფილმის სცენარის ავტორია, კერძოდ: შ. ბერიშვილმა მისი სცენარით გადაიღო კინოფილმი „მდინარის გადაღმა“, დ. რონდელმა – „არშაულა“, ი. პერესტიანმა – „ორი მეგობარი“, ლ. ესაკიამ – „გაღმელი ქალიშვილი“, დ. ანთაძემ და ა. ჯალიაშვილმა – „სადარაჯო ჯიხური“, ნ. შენგელაიამ და დ. ანთაძემ –„ის კიდევ დაბრუნდება“.

მ. ხელმძღვანელობდა მშვიდობის დაცვის საქართვ. კომიტეტს. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თოლია, ტფ., 1932; როზგა ჩაფარი, ტფ., 1934; უცნაური ცხოველი, თბ., 1937; რჩეული, თბ., 1947; პიესები, თბ., 1950; რჩეული თხზულებანი სამ ტომად, თბ., 1968–72.

ლიტ.: დოღონაძე ლ., ილო მოსაშვილი, თბ., 1981; მოსაშვილი მ., ილო მოსაშვილის ცხოვრების ქრონიკა, თბ., 1973, 1981; მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013; ფორჩხიძე შ., ილო მოსაშვილი, თბ., 1976.