მოსაკრებელი, აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფოს ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოში მ-ის სტრუქტურას, რაოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი. არსებობს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილ. მ. საერთო-სახელმწიფოებრივი მ. არის სალიცენზიო და სანებართვო, სახელმწ. სერტიფიკატის, სარეგისტრაციო, სახელმწ. საექსპერტიზო, სახელმწ. ბაჟი, საკონსულო, წვევამდელთა ეროვნ. სამხ. სამსახურში გაწვევის გადავადების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების, საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესისა და სეკიურიტიზაციის სპეც. მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის.
ადგილ. მ. არის მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა), კულტ. მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის), დაჩქარებული მომსახურებისა და საკონტეინერო.
მ. გადახდილად ითვლება, თუ მის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართვ. კანონმდებლობით დადგენილი მ-ის გადახდის დამადასტურებელი ან საქართვ. ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბუთი ან დოკუმენტი. გადახდის დადასტურება ასევე შეიძლება ელექტრონული ფორმით.
მ-ის განაკვეთები განისაზღვრება სახელმწ. ან მუნიციპ-ის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების პრინციპისა და სახელმწ. პოლიტ. და ეკონ. ინტერესების გათვალისწინებით. მ. წესდება ლარებით ან ფარდობითი სიდიდეებით.
საქართველოში 2023–24 ადმინისტრაციულმა მ-მა და გადასახდელებმა (სალიცენზიო, სანებართვო, სარეგისტრაციო, საკონსულო, წვევამდელთა სამხ. სამსახურში გაწვევის გადავადების, სათამაშო ბიზნესის, სხვა არაკლასიფიცირებული მ., სახელმწ. ბაჟი) ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლების 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ამ მ-ებში ყველაზე არსებითია სანებართვო მ. და სახელმწ. ბაჟი, რ-თა წილიც ადმ. მ-ებში 90%-ზე მეტი იყო; მუნიციპ-ებში კი ერთ-ერთი ძირითადი საბიუჯეტო შემოსავალია მ. სათამაშო ბიზნესიდან.
ი. უჯმაჯურიძე
მ. თოქმაზიშვილი