მორფოლოგიის ინსტიტუტი ა. ნათიშვილის სახელობის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. 1946 საქართველოში მეცნ. ანატომიის ფუძემდებელმა ა. ნათიშვილმა საქართვ. მეცნ. აკადემიის სტრუქტურაში დააარსა ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტი, რ-საც 1959-მდე თავად ხელმძღვანელობდა, 1959-იდან – ინ-ტს კი ა. ნათიშვილის სახელი მიენიჭა.
მ. ი-ის სახით საქართველოში დაფუძნდა მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა, სადაც ცხოველურ მოდელებზე ინოვაციური ექსპერ. კვლევების ჩატარება და კლინიკურ მედიცინასთან ფუნდამენტური სამედ.-ბიოლ. მეცნიერებების ორგანულად დაკავშირება გახდა შესაძლებელი. ინ-ტი პიონერია სისხლძარღვთა პროთეზირებაში (ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე), ელექტრონული მიკროსკოპიის (ზ. ცაგარელი, ლ. გოგიაშვილი), ანდროლოგიის (ნ. ჭიჭინაძე) და გერონტოლოგიის (ს. დალაქიშვილი) განვითარებაში. დაიწყო ინოვაციური კვლევები ვირუსოლოგიასა და იმუნოლოგიაში (ვ. ბახუტაშვილი), ფუნქციურ ანატომიასა (თ. ღიბრაძე, ნ. მამფორია) და ჰისტოპათოლოგიაში (უ. გაბუნია). მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა ანატომიური, ჰისტოლოგიური და ემბრიოლოგიური ტერმინოლოგიისა და ატლასების შესაქმნელად (ლ. შელია, მ. კორძაია, ნ. ჭიჭინაძე). ნ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ინ-ტის საერთაშ. ცნობადობა და სამეცნ. ავტორიტეტი. აქვე სამეცნ. გამოცდილება მიიღო მრავალმა ახალგაზრდა მკვლევარმა.
1959–2006 ინ-ტის დირექტორი იყო ნ. ჯავახიშვილი, 2006–10 – დ. კორძაია, 2011–23 – ს. დალაქიშვილი და მ. კაკაბაძე, ხოლო 2023-იდან ინ-ტს კვლავ დ. კორძაია ხელმძღვანელობს.
2010 ინ-ტი თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნ.-კვლ. ერთეული გახდა. მის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო უნ-ტის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრამ.
დღეისათვის ინ-ტში არსებულ სამ დეპარტამენტში – კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის (ხელმძღვ. ლ. გოგიაშვილი), კლინიკური ანატომიისა და ექსპერ. მოდელირების (ხელმძღვ. მ. ჯანგავაძე, გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის (ხელმძღვ. ე. ჯანბერიძე) 35 მეცნიერი თანამშრომელი ატარებს შესაბამისი პროფილის კვლევებს ესპანელ, გერმანელ, ნორვეგიელ, ინგლისელ მეცნიერთა მონაწილეობით. ინ-ტის ბაზაზე კვლევას ახორციელებენ თსუ-ის დოქტორანტები. იქვე ფუნქციონირებს უ. გაბუნიას სახ. კლინიკური პათოლოგიის ცენტრი (სადაც ხდება საქართვ. კლინიკების ოპერაციული მასალის ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა), მოლეკულური ბიოლოგიის, მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიისა და ნანონაწილაკების ლაბორატორიები, ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნ.-სასწ.-სატრენინგო ცენტრი (ნ. ხოდელი და ზ. ჩხაიძე), განახლებული ვივარიუმი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ინ-ტის თანამშრომელთა მიერ მოპოვებულია პატენტები გამოგონებებზე, გამოქვეყნებულია არაერთი ნაშრომი რეიტინგულ ჟურნალებში.
დ. კორძაია