მორფოლოგია ადამიანისა, ფართო გაგებით მოძღვრება ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ ორგანიზმის განვითარებასა და ცხოველმოქმედებასთან დაკავშირებით; მოიცავს ანატომიას, ჰისტოლოგიას, ციტოლოგიასა და ემბრიოლოგიას; ვიწრო გაგებით, ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი დარგია და შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ინდივიდ., ასაკობრივ, სქესობრივ, რასობრივ და ტერიტორიულ თავისებურებებს.
ცნობები მორფოლოგიასა და სამორფოლოგიო ტერმინოლოგიაზე დაცულია ქართულ საეკლესიო, საერო და სპეც. სამედიცინო ლიტ-რაში. ასევე, ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს სამედ. ეთნოგრაფიაში აღწერილი ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტერმინები და მათი ფუნქციის შესახებ წარმოდგენათა სისტემები. აღსანიშნავია ამ ტერმინთა დროის დიდ მონაკვეთებზე გამოვლენილი მდგრადობა – ფონეტიკური ჟღერადობის უცვლელობა. მორფოლოგიური ტერმინების სრულყოფა და საკითხებისადმი მეცნიერული მიდგომა უკავშირდება განვითარებულ შუა საუკუნეებს (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, ათონელი წმიდა მამები), ხოლო, მოგვიანებით – ევროპული რენესანსული ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლებს (ზაზა ფანასკერტელი, დავით ბაგრატიონი და სხვ.). გვიან შუა საუკუნეების ქართული სამორფოლოგიო სკოლის განვითარება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად მიმდინარეობდა.
XX ს-იდან ადამიანის მორფოლოგიის მეცნ. განვითარება უკავშირდება ახლანდ. თსუ-ს და ა. ნათიშვილის სახელს. 1918 ახლადდაარსებულ უნ-ტში ჩამოყალიბდა ანატომიის კათედრა, რ-საც სათავეში ჩაუდგა ა. ნათიშვილი, ხოლო 1919 კი – ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრა, რ-საც 1921-მდე ხელმძღვანელობდა ნ. კახიანი, ხოლო 1921–26 – ა. ნათიშვილი. მისი ინიციატივით 1946 წ. 1 აპრილს საქართვ. მეცნ. აკადემიაში დაარსდა მორფოლოგიის დარგში დიდი სამეცნ. ცენტრი – ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ორგანიზმის აგებულების მეცნიერულ სწავლებას საქართველოში. მორფოლოგიის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, ანატომიის ქართულენოვანი სახელმძღვანელობის შექმნასა და ქართული ანატომიური ტერმინოლოგიის შემუშავებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ნ. ჯავახიშვილს, მ. კორძაიას, ლ. შელიას და სხვ.
მ. ა-ს ზოგჯერ ანთროპოლოგიასაც უწოდებენ და ყოფენ სომატოლოგიად და მეროლოგიად.
სომატოლოგია (soma, ბერძნ. – სხეული) შეისწავლის ადამიანის სხეულს მთლიანად, მის ანთროპოლოგიურ ნიშნებსა და ასაკობრივ ცვლილებებს. სომატოლოგიაში გამოყოფენ სომატოსკოპიას, რ-იც შეისწავლის ადამიანის სხეულის ზომებს მთლიანად და მათ პროპორციულ ურთიერთთანაფარდობებსა და სომატომეტრიას. იგი თავის მხრივ შეისწავლის ადამიანის სხეულისა და მისი ნაწილების ისეთ ნიშნებს, რ-ებიც ექვემდებარება გაზომვას (მაგ., სიმაღლე, წონა, კუნთის ძალა). სომატოლოგიის მნიშვნელოვან ქვედარგს წარმოადგენს მოსახლ. ფიზ. განვითარების შესწავლა და ადამიანის სხეულის ზომების სტანდარტების დადგენა, რაც, ერთი მხრივ, მოსახლ. მასობრივი სამედ. კონტროლისა და, მეორე მხრივ, ინდივიდ. მოხმარების საგნების მასობრივ დამზადებას განაპირობებს.
მეროლოგია (meros, ბერძნ. – ნაწილი) შეისწავლის ცალკე ორგანოებისა და ქსოვილების აგებულების ვარიაციებისა და ურთიერთობის (სინტოპია, სკელეტოტოპია) კანონზომიერებებს.
მ. ა. ყურადღებას ამახვილებს ტიპის ვარიაციებზე და ხსნის საშ. ტიპიდან გადახრის მიზეზების კანონზომიერებებსა და მნიშვნელობას. მ. ა-ის მონაცემები უაღრესად მნიშვნელოვანია ქირურგიისათვის, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისათვის, პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინისათვის, ასევე პლასტ. ანატომიისა და სახვითი ხელოვნებისათვის.