მორფოლოგია

მორფოლოგია (ბერძნ. Morphē – სახეობა, ფორმა და logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერული გრამატიკის დარგი, რ-იც შეისწავლის სიტყვის ფორმას, სტრუქტურას, ე. ი. თავსართ-ბოლოსართებს (აფიქსებს), რ-ებიც გადმოგვცემენ სიტყვათა სინტაქსურ ურთიერთობას, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობას არ ცვლიან: ძმის მეგობარი, მეგობრის ძმა (შდრ. ძმა-ს, ძმ-ის, ძმ-ით... და სიტყვის მნიშვნელობის მცველი აფიქსები: ძმ-ურ-ი, მო-ძმ-ე, ძმ-ობ-ა...).

ერთი მოსაზრებით მ-ის საგანია სიტყვის ყოველგვარი ცვლა, სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის აფიქსებიცა და სიტყვათა მნიშვნელობის მცვლელიც (ე. ი. ახალი სიტყვის მაწარმოებელიც). ამის კვალად, სიტყვაწარმოება -ის ისეთივე საგანი გამოდის, როგორიც ფორმაცვალება. ლექსიკოლოგიას ასეთ შემთხვევაში მოუხდებოდა მხოლოდ მარტივი ფუძის სიტყვათა შესწავლა (ძმ-ურ-ი, მო-ძმ-ე, ძმა-კაც-ი... -ს კვლევის საგანი იყო).

ეს გავრცელებული მოსაზრება იმ ვითარებას ასახავს, როდესაც ლექსიკოლოგია, როგორც ცალკე დარგი, არ არსებობდა, -ის ადგილი ეკავა ეტიმოლოგიას, როგორც მეტყველების ნაწილთა შესახებ მოძღვრებას და მასში შეისწავლებოდა წინადადებაში შემავალი ყოველი სიტყვა, ცვალებადიცა (სახელი, ზმნა...) და უცვლელიც (ზმნისართი), აგრეთვე – დამხმარე სიტყვები (კავშირები) და ნაწილაკები. ფორმაცვალებას, სიტყვაწარმოებაც და სიტყვის მნიშვნელობას ეტიმოლოგია სწავლობდა.

ამჟამად გავრცელებულია -ის სხვაგვარი გაგებაც:. არის მოძღვრება მორფემების შესახებ, ხოლო მორფემად ითვლება ყოველგვარი აფიქსი და მარტივი ფუძე, რ-საც თავსართ-ბოლოსართი დაერთვის, ე. ი. სიტყვის ყოველი ნაწილი („ძმ-ურ-ი“ სამ მორფემას შეიცავს: 1) ძმ-, 2) -ურ-, 3) -ი. ერთი მხრივ, ამგვარი გაგება ერთ სიბრტყეზე აყენებს მარტივ ფუძეს (ძირს, რ-იც სიტყვის ბირთვია და რ-თანაც დაკავშირებულია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა) და იმ თავსართ-ბოლოსართებს, რ-ებიც მარტივი ფუძის (ძირის) ცვლას იწვევენ, მაგრამ მარტივი ფუძის (ძირის) გარეშე თავისთავად არაფერს აღნიშნავენ. მეორე მხრივ, -ისა და მორფემის ასეთი გაგება მნიშვნელობის ფიზიკალისტურ ინტერპრეტაციას უკავშირდება და ამერ. დესკრიფციული ენათმეცნიერების ბიჰევიორისტულ პრინციპს ეფარდება.

ლიტ.: ახალი ქართული ენა – სალიტერატურო ენის მორფოლოგია, გ. გოგოლაშვილისა და ა. არაბულის რედ., თბ., 2016; თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია, თბ., 2011; სტურუა ნ., სიტყვა როგორც ენობრივი ერთეული, თბ., 1975; ფეიქრიშვილი ჟ., ქართული ენის მორფოლოგია, თბ., 2018; შარაძენიძე თ., თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ., 1972; ჩიქობავა არნ., ზოგადი ენათმეცნიერება, 1 – პროპედევტიკული ნაწილი, ტფ., 1935; მისივე, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952; Блумфилд Л., Язык, пер. с англ., М., 1968; Реформатский А. А., Введение в языковедение, 4 изд., М., 1967.

ა. ჩიქობავა