მორმონები, ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც სხვაგვარად „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას“ უწოდებენ. მიმდინარეობა 1830 წ. 6 აპრილს ნიუ-იორკის შტატში, ქ. ფაიეტში ჯ. სმიტმა (წინასწარმეტყველი) ჩამოაყალიბა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მსოფლიოში მ-ის რაოდენობა 15 მლნ-ს აჭარბებს. ისინი აქტიურად ეწევიან მისიონერულ მსახურებას მსოფლიოს დაახლ. 160 ქვეყანაში, სადაც ასზე მეტი ტაძარი არსებობს. მათი წმინდა ტექსტი – „მორმონთა წიგნი“ – 93 ენაზეა თარგმნილი. ეკლესიის ცენტრი სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტას შტატი) მდებარეობს (ტაძარს მ. 40 წელი აშენებდნენ). მორმონიზმის მიხედვით, მორმონთა წიგნი, რ-იც თავად სმიტმა დაწერა, „ღმერთისაგან შთაგონებული სიტყვის“ წყაროებიდან ყველაზე „სწორია“, თუმცა მას უამრავი ადამიანი აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევენ, რომ მან „ჭეშმარიტი“ რელიგიიდან გადაუხვია. მორმონიზმის მიხედვით, სმიტს ხილვების დროს ანგელოზი, სახელად მორონი გამოეცხადა, რ-მაც ბორცვზე დამარხული გრავირებული ოქროს ფირფიტების შესახებ ამცნო. მან იპოვა ძვ. ეგვიპტურ ენაზე დაწერილი საგულდაგულოდ გადამალული ხელნაწერები და სულიწმინდის შთაგონებით ისინი ინგლისურად თარგმნა. მათში საუბარი იყო ქრისტეზე საუკუნეებით ადრე მცხოვრებ ისრაელიტებზე, რ-ებმაც სამშობლო დატოვეს, ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც „ძველ რელიგიას“ ასწავლიდნენ. აქედან წარმოიშვა სხვა ქრისტ. რელიგ. მიმდინარეობები. ჯ. სმიტის მტკიცებით, მან ამ ძველი „ჭეშმარიტი“ რელიგიის აღდგენა შეძლო. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მ. მეგობრული, მოსიყვარულე და კეთილი ადამიანები არიან, თუმცა ისინი შეცდომაში შეიყვანა ცრუ რელიგიამ, რ-ის მიხედვით ღმერთს ხორციელი ფორმა აქვს – ადამი ღმერთია და იმავდროულად იესოს მამა (ამ მოსაზრებას დღეს უკვე აღარ იზიარებენ); არ ცნობენ სამებას და მიიჩნევენ, რომ იგი სამი განსხვავებული ღმერთია; მისდევენ ცხოვრების მკაცრ წესს [არ მოიხმარენ ალკოჰოლს, ჩაის, ყავას, თამბაქოს, თუმცა მრავალცოლიანობა (პოლიგამია) მისაღები იყო. ამჟამად აკრძალულია); მათთვის უმნიშვნელოვანესია ოჯახური ცხოვრება, მისიონერობა და ა. შ]. მ-თა ეკლესიის წინამძღვარია წინასწარმეტყველი, რ-საც ორი დამხმარე ჰყავს. სამივე ერთად წარმოადგენს ეკლესიის უმაღლეს ორგანოს, ასევე ეკლესიას აქვს „თორმეტ მოციქულთა საბჭო“ და „სამოცდაათიანთა საბჭო“. ეკლესიაში არსებობს შემდეგი იერარქიული წოდებები: წინასწარმეტყველი, ეპისკოპოსი, მასწავლებელი და დიაკვანი.
საქართველოში მ. XX ს. 90-იანი წლებიდან გამოჩნდნენ. მცირეა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ამ რელიგიურმა დენომინაციამ გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. პირველი, ეროვნებით ქართველი „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ წარმომადგენლები რ. და ნ. ამირხანაშვილები იყვნენ. მათ ნათლობა 1996 გერმანიაში, ჰანოვერში მიიღეს და მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მორმონმა მისიონერებმა ფ. და ბ. რებერებმა 1999 პირველებმა იქადაგეს საქართველოში. 2002 სექტემბერში ჩამოყალიბდა მ-ის ეკლესიის თბილ. ფილიალი. 2003 მათ პირველი ნათლობა შეასრულეს. არსებობს მ-ის სამრევლო რუსთავსა და თბილისში (130-მდე წევრი). მ-ისათვის დამახასიათებელია ყოველკვირეული შეკრება სამლოცველო სახლებში, სადაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები (ისწავლება რელიგიური საგნები, უცხო ენები და სხვ.), ჰუმანიტარული აქციები და საერთაშ. ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
ლიტ.: თინიკაშვილი დ., ჯაში ზ., მსოფლიო რელიგიები, თბ., 2012; ნადირაძე ე., მსოფლიო რელიგიები, თბ., 1996; რელიგიები საქართველოში, რედ. ზ. კიკნაძე, თბ., 2008.
ქ. ახობაძე