მორიგე ღმერთი, წესრიგის დამამყარებელი უზენაესი ღმერთი ქართულ მითოლოგიაში, ყოველი ხილულისა და უხილავის დამბადებელი. აღმ. საქართვ. მთიელთა რწმენა-წარმოდგენით, მ. ღ. ქვეყნიერებას მართავს არა უშუალოდ, არამედ ღვთისშვილთა შუამავლობით; ხევისბერი შესთხოვს ღვთისშვილებს, რომ გაუწიონ შუამდგომლობა, მ. ღ-ის კარზე აიტანონ საყმოს გასაჭირი. პირველი, ვინც მორიგემ შექმნა შუამდგომლად, არის ბერი ბაადური, იგივე გუდანის წმ. გიორგი. ხალხ. რწმენით, ბერი ბაადური ღვთის ნასახთა შორის პირველ ადგილზე დგას და მორიგეს უშუალო თანაშემწეა. იგი თავად მორიგემ აღჭურვა მხედრულად, სატარებლად თეთრი ცხენი – „ბედის ბედაური“ მისცა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვა ხმელეთზე დევ-კერპებთან საბრძოლველად; შემდეგ მორიგემ თერგვაული გააჩინა, შემდეგ კოპალა, იახსარი, შუბნური, პირქუში და სხვა ხატები. ხალხ. წარმოდგენით, ეს ღვთისშვილები რეალურად არსებული პიროვნებები იყვნენ, რ-ებიც სიცოცხლეში ჩადენილი საგმირო, კეთილი საქმეებისათვის მ. ღ-მა „გაახატა“, თავად მორიგემ შემოარტყა ხმალი და დევ-კერპებისაგან, ყოველგვარი მავნე სულისაგან ადამიანთა დაცვა დაავალა. ამ წმინდა მოვალეობას ღვთისშვილები გმირული თავდადებით ასრულებენ. საკულტო ტექსტებში პირველ ადგილზე მ. ღ-ს ახსენებენ და საყმოს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ.
ლიტ. ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1, ფშავი, თბ., 1974; კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, I, ქუთ., 1996; ოჩიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი (ხევსურეთი), თბ., 1988; ჩიქოვანი მ., ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971.
გ. ჩინჩალაძე