„მორთულებაჲ“ (რთვაჲ , დართული, მორთული), ბერძნული ფილოსოფიური კატეგორიის – ჰარმონიის ქართული ტერმინოლოგიური შესატყვისი. „მ.“ იოანე პეტრიწმა (XI ს.) გამოიყენა ბერძნულიდან თავისივე თარგმნილ და კომენტირებულ ნაშრომებში: „ბუნებისათვის კაცისა“ (ნემესიოს ემესელი) და „ღმრთისმეტყველების საფუძვლები“ (პროკლე). ტერმინი „მ.“ პეტრიწს ეკუთვნის. მის სემანტიკურ საყრდენად გამოყენებულია ცნებები: „რთვა“, „ნართი“, „მორთული“. „მორთულებას“, როგორც ჰარმონიის სადარ ქართ. ტერმინოლოგიურ შესატყვისს, იოანე პეტრიწი ასე განმარტავს: „მორთულება შედგმულებაა, მორთულობა არს ზიარებაჲ შედგმულთა… ერთი და იგივე არს მორთულებაჲ და შენაწევრებაჲ“.
„მ-ს“ ცნება ზოგჯერ „ჰარმონიის“ იდენტურია და დიალექტიკის ყოველგვარ გამოვლინებას გულისხმობს (პეტრიწი მსჯელობს არა მარტო „სამუსიკელო“ ცნებაზე, არამედ „ბუნებით“, „არსთა“, „ციურ ვარსკვლავთა“, „რიცხვთა“, „სხეულებრივ“ „მორთულებაზე“); ზოგჯერ კი „მ.“ ანტიკური „ჰარმონიისაგან“ არსობრივად განსხვავებული მნიშვნელობითაა დატვირთული და სამი ხმის „შეურევნელი ერთობით“, ანუ „ერთობაჲ შეყოვლებისაჲთ“ მიღებული „მორთულების“ (ჰარმონიის), მრავალხმიანი ჰარმონიული ხმოვანების აღმნიშვნელი ტერმინია.
ნ. ფირცხალავა