მორევის ნაფოტა (Rutilus frisii, Nordman, 1840), კუდმერცხალა, გამსვლელი თევზი კობრისებრთა ოჯახისა (Cyprinidae). სიგრძე 60 სმ-მდეა, მასა 6 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდება 5–6 წლის ასაკში. მრავლდება აპრილ-მაისში. ნაყოფიერება 90000–300000 ქვირითია. გასამრავლებლად შედის მდინარეში. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, წყალმცენარეებით. გავრცელებულია აზოვისა და შავი ზღვის აუზებში და ზოგიერთ მდინარეებში (დნესტრი, დნეპრი, დონი). საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება შავი ზღვის სანაპიროსთან, პალიასტომის ტბაში, რიონის შესართავში და სხვ. ძვირფასი სარეწი თევზია. ჩვენთან სიმცირის გამო სარეწი მნიშვნელობა არ აქვს. შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ არაა შეფასებული.
ნ. ნინუა