მორდალი, მორდარი, მურდარი (სპარს. Mohrdãr – ბეჭდის მცველი), სეფიანთა ირანის ადმინისტრაციის სხვადასხვა სახის ბეჭდის მცველი, რ-იც სხვა მოხელეებთან (მდივანბეგი, სახელმწ. მდივანი, სამეფო აქიმი, სამეფო ასტროლოგი და სხვ.) ერთად შედიოდა სასახლის შიდა ადმინისტრაციის აპარატში.
ქართ. წერილობით წყაროებში ეს ტერმინი სხვადასხვაგვარი ფორმით გვხვდება: მოჰრდარი, მუჰრდარი, მურდარი, მორდალი. საქართველოში მ. მეფის სამდივნოს მოხელე იყო და სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ჩაბარებული ჰქონდა მეფის დიდი და პატარა საბეჭდავები, რ-ებიც უნდა დაეცვა და შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა. ამიტომ მ-ის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ ერთგულებით გამორჩეულ „მისანდო“ პირებს. მ. ესწრებოდა საბუთების გამზადებისა და დაბეჭდვის პროცესს.
მ. იხსენიება როსტომ მეფის მიერ 1638 მანუჩარ თუმანიშვილისადმი ბოძებულ ქართ.-სპარსულ დოკუმენტში, რ-შიც ამ სახელოს სარგოსა და ფუნქციებზეა საუბარი. აღნიშნული საბუთის მიხედვით, ყველა სახეობის სიგელი და სხვა დოკუმენტი მ-ს უნდა დაებეჭდა, მაგრამ, მოგვიანებით, ქართლის მეფე ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანი; 1688–1703) დროს მ-ის როლი დაკნინდა და მეფის საბუთების დაბეჭდვის პრივილეგია ვეზირსა და მუსტოფს გადაეცათ, რ-ებიც უშუალოდ შაჰის მოხელეები იყვნენ ქართლის მეფის კარზე.
„დასტურლამალში“ (XVIII ს.) შეტანილი მ-ის განწესება უჩვენებს, რომ ერეკლე I-ის შემდგომ მას ძველი ფუნქციები დაუბრუნდა. „დასტურლამალი“ მ-ს სარგოს სპეც. პარაგრაფს უძღვნის. ქართ. წყაროებში „სამურდროს“ სამი დებულებაა ცნობილი: ერთი „დასტურლამალშია“ შეტანილი, მეორე 1703–24 წლებშია შედგენილი, ხოლო მესამე – „სამორდალოს განწესება“ მთავარმართებელ პ. ციციანოვს წარუდგინეს ზაალ ბარათაშვილმა და იროდიონ გურგენიძემ. ამ განწესებათა მიხედვით, ქართლ-კახეთის მ-ებს ეკუთვნოდათ სარგო სამეფოს ყოველი იჯარიდან, იასაულებისგან აღებული თამასუქებიდან, მეფის მიერ გაცემული დოკუმენტების, სიგელების, ოქმების, განაჩენთა დაბეჭდვისათვის და სხვ. XVIII ს. II ნახ-ში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი სამეფო მ. იყო – ქართლისა და კახეთის. დედოფალს საკუთარი ბეჭედი ჰქონდა. „სადედოფლო ბეჭდის“ შემნახველი დედოფლის მ. იყო.
მ-ის თანამდებობაზე ძირითადად ვხვდებით სამეფო აზნაურებს: ქართლში – თუმანიშვილებსა და შანშეან-მარტიროზიშვილებს, კახეთში – ხერხეულიძეებსა და ჩოლოყაშვილებს და სხვ.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე