მორგვი, ხელსაწყო მეთუნეობაში, იყენებდნენ პლასტიკური თიხისაგან მთლიანი ჭურჭლის ამოსაყვანად. წარმოადგენს ხის ან გამომწვარი თიხის დისკოს, რ-იც მყარ საყრდენში ჩასმულ ვერტიკალურ ღერძთან ერთად ტრიალებს. დისკოზე დებენ თიხის გუნდას და მისგან აყალიბებენ ჭურჭლის ფორმას. გვხვდება ორი სახის მ.: ხელისა (ჭურჭელი ამოჰყავთ ცალი ხელით შიგნიდან, მეორე ხელით კი ღერძს ატრიალებენ) და ფეხისა (უფრო სრულყოფილი, რ-საც აქვს ფეხით სატრიალებელი მქნევარა ბორბალი). ამოყვანის დროს ჭურჭლის კედელსა და სხვა ნაწილებზე შიგნიდან და გარედან რჩება ჰორიზ. კონცენტრული ზოლები. ანგობირებისა და გაპრიალების შედეგად ეს ზოლები უმეტესად ქრება. სწრაფად მბრუნავ მ-ს ჩვენში ჩარხსაც უწოდებენ. მ-ის გამოყენებამდე ჭურჭლის აგება ნაწილ-ნაწილ ხდებოდა, თუმცა ძალზე დიდი ზომის ჭურჭელს გვიანაც ძირითადად „ამოშენებით“ ამზადებდნენ. ხელით (უჩარხოდ) გამოძერწილ ჭურჭელს ზოგჯერ ახასიათებს მკვეთრი პროფილები (ნაწილების მკაფიოდ გარდატეხა), მ-ზე ნაკეთებს კი – რბილი, თანდათანობითი გადასვლები. კერამიკაში მ-ის გამოყენება ყველგან გულისხმობს ხელოსნურ წარმოებაზე გადასვლას, თუმცა საოჯახო მეურნეობაში თიხის ჭურჭლის ხელით დამზადების წესი ბოლო დრომდე შემორჩა. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში მ-ის გამოყენება დაიწყო ბრინჯაოს ხანის დასაწყისიდან (შუმერში – ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოს; ეგვიპტეში, სირიასა და ინდოეთში – III ათასწლ. დასაწყისში). აქედან მ. გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც (ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, ირანში, შუა აზიის სამხრ. ნაწილში – ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისში; მატერიკულ საბერძნეთში – დაახლ. ძვ. წ. XVI ს-ში; ჩინეთში – დაახლ. ძვ. წ. XIV ს-ში; იტალიასა და ესპანეთში – დაახლ. ძვ. წ. VIII ს-ში და ა. შ.).
სამხრ. კავკასიაში მ-ის გამოყენება ზოგიერთი სახის ნაწარმისათვის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულისთვისაა სავარაუდებელი. შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთურ კერამიკაში (ძვ. წ. II ათასწლ.) უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მომრგვალო ტანის ჭურჭლის დამზადება, რ-ის ნაწილები ერთმანეთზე რბილად გადადის. ზოგი მათგანის შიდაპირზე შეიმჩნევა ჰორიზ. ზოლები (მ-ის კვალი). ძვ. წ. II ათასწლ. შუა წლებიდან სამხრ. კავკასიაში თიხის ჭურჭელს უმთავრესად ჩარხზე ამზადებდნენ. მცხეთის კერამიკულ წარმოებაში (ძვ. წ. II ათასწლ. ბოლო) უკვე გამოიყენებოდა მ. გამომწვარი თიხის მ. აღმოჩენილია ხოვლეგორაზე (კასპის მუნიციპ., ძვ. წ. V ს.).
ეთნოგრ. ყოფაში მ. ბევრგანაა დამოწმებული და შესწავლილი. ხელის მ. შედგება მრგვალი დისკოსაგან (მ-ის თავი, ანუ მ.), „სამფეხისა“ (მ-ის ფეხი) და „ჭიჭლაკის“, ანუ „მ-ის ძუძუსაგან“. ჭიჭლაკზე მ-ის თავია ჩამოცმული და ხელის ან ფეხის შეხებით ორივე მიმართულებით მოძრაობს. მ-ის ძირი და თავი კოპიტის ან ნიგვზის ხისგან მზადდება, „ჭიჭლაკი“ კი – ბზისგან.
ლიტ.: აბესაძე ნ., ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, თბ., 1986; ბოჭორიშვილი ლ., კახური კერამიკა, თბ., 1949; თოდუა რ., კერამიკული წარმოების ხალხური ტექნიკის საკითხები, სამეურნეო ჩარხი დასავლეთ საქართველოში, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ 1975 ტ. 18; მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 2, თბ., 1982; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011; ჯაოშვილი გ., კერამიკული მრეწველობა საქართველოში, თბ., 1958; Воеводский М., В., К истории гончарной техники народов СССР, «Этнография», 1930, № 4.
ე. გოგაძე