მორბედაძე დავით ნიკოლოზის ძე

თბილისი – საცხოვრებელი სახლი მცხეთის ქუჩაზე, არქიტექტორი დ. მორბედაძე (1962, არქიტ. რ. ბაირამაშვილთან და თ. კანდელაკთან ერთად).

მორბედაძე დავით ნიკოლოზის ძე (18. XI. 1926, თბილისი, – 19. V. 2002, იქვე), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის არქიტ. ფაკ-ტი (1952). მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში, მ. შ. „თბილქალაქპროექტში“ (1954–64), „საქსოფლმშენსახპროექტში“ მთ. არქიტექტორის თანამდებობაზე (1964–72), კვლავ „თბილქალაქპროექტში“ არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად (1972–2002). მონაწილეობდა არქიტექტურულ კონკურსებში: საზაფხულო კინოთეატრი თბილისში (1955, I პრემია), სასტუმრო „ინტურისტი“ სოხუმში (1964, I პრემია), საქართვ. კულტ. ცენტრი იერუსალიმში (1997, წამახალისებელი პრემია) და სხვ. ნამუშევრები: წყნეთში – პიონერთა ბანაკი (1956–58), თბილისში – საცხოვრ. სახლი მცხეთის ქუჩაზე (1962, არქიტ. რ. ბაირამაშვილთან და თ. კანდელაკთან ერთად); ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1967; არქიტ. თ. კანდელაკთან ერთად, მოქანდაკე ე. ამაშუკელი); კომპლექსები: უნივერმაღი „თბილისი“, ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი (ორივე – 1977) და მეტროპოლიტენის სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიწისზედა ვესტიბიული (1967); გაგრაში – საქართვ. არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (1980; ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).