მოპასუხე, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ასახელებს მოსარჩელე როგორც მის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ პროცესსა და არბიტრაჟში.
მ. ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი, რ-ითაც უპასუხებს სასარჩელო მოთხოვნას. დასაბუთებულ შესაგებელს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სამოქალაქო საქმეზე შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
მოსარჩელის მსგავსად, მ-ს უფლება აქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში: სასამართლოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და სხვა მტკიცებულებები, შუამდგომლობები, განაცხადოს აცილება; გაეცნოს საქმის მასალებს და გადაიღოს მათი ასლები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში; დაუსვას შეკითხვები მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს; წარადგინოს მოსაზრებები საქმის წარმოებისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და სხვა საპროცესო დოკუმენტი და გაასაჩივროს ისინი; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მ-ის მიმართ, მოსამართლეს შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს იგი სათანადო მ-ით.
მ-ს შეუძლია ცნოს სარჩელი მთლიანად ან ნაწილობრივ, მოურიგდეს მოსარჩელეს ან მასთან შეთანხმებით მოითხოვოს საქმის მედიატორისთვის გადაცემა.
ი. უჯმაჯურიძე