მონღოლთა იმპერია (ძველმონღ. Yeke Mongγol ulus – მონღოლთა უდიდესი სახელმწიფო, მონღ. Их Монгол улс, Монголын эзэнт гүрэн), ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიოში XIII–XIV სს-ში წარმოიშვა თანამედროვე მონღოლეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აღმ. აზიაში ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დაპყრობითი ომების შედეგად.
VIII–XI სს-ში თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ მონღ. ენაზე მოლაპარაკე ტომები, რ-თაც ერთი საერთო სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტომის, თათრების სახელი მეზობელმა ხალხებმა სხვა ტომებზეც გაავრცელეს, ოღონდ საკუთრივ თათრებისაგან (ანუ თეთრი თათრებისაგან) განსხვავებით მონღოლური მოდგმის სხვა ტომებს „შავ თათრებს“ უწოდებდნენ. ტერმინი „მონღოლი“ ოფიციალურად შემოიღეს მხოლოდ XIII ს-ში და მონღ. გაერთიანებულ სახელმწიფოში შემავალი ყველა ტომის აღმნიშვნელი სახელი გახდა.
XII ს. ბოლოს თემუჩინმა გააერთიანა მანჯურიასა და ალტაის მთებს შორის მცხოვრები მონღოლური ტომები. 1206 გაიმართა ყურულთაი (ყრილობა), რ-ზედაც იგი აირჩიეს დიდ ყაენად, მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული და გამოცხადდა მ. ი-ის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა გაატარა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა. ათეულების სისტემასა და სასტიკ დისციპლინაზე აგებული ლაშქრის პრივილეგირებულ ნაწილს შეადგენდა ჩინგიზ-ხანის გვარდია „ქეშიკი“ მისსავე დროს მოხდა მონღოლების ადათობრივი სამართლის (იასა) კოდიფიკაცია. დაპყრობითი სამხედრო ოპერაციების შედეგად იმპერია გაფართოვდა და მოიცვა ჩინეთი, შუა აზია, ირანი და კიევის რუსეთის ნაწილი. მემკვიდრეებმა (შვილი – უგედეი, შვილიშვილი – გუიუქი) მ. ი. გადაჭიმეს დას-ით პოლონეთამდე, აღმ-ით – კორეამდე, ჩრდ-ით – ციმბირამდე და სამხრ-ით – ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33 მლნ. კმ2 (მსოფლიო მიწის 22%), მოსახლეობა – 100 მლნ კაცი.
ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, მუნქეს მმართველობაში მ. ი. თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდ. ჩინეთს, კორეას, ტანგუტის სამეფოს ტერიტორიას, ცენტრ. და შუა აზიას სამხრ. კავკასიას, ირანს, ავღანეთსა და რუს. მიწების მნიშვნელოვან ნაწილს.
1269 მ. ი. დაიშალა – თითოეული ულუსის ხანმა თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა და მათ ერთმანეთი აღიარეს. დაშლილი მ. ი-ის უდიდესი ნაწილები იყო იუანის იმპერია, ჰულაგუიანების სახელმწიფო, ოქროს ურდო და ჩაღათაის ულუსი.
XIV ს. II ნახ-იდან დაიწყო შინაომებით დასუსტებულ მონღოლთაგან ირანის, სამხრ. კავკასიის, ჩინეთისა და შუა აზიის გათავისუფლება. XV ს. დამდეგს მ. ი-მ არსებობა შეწყვიტა (იხ. მონღოლთა ბატონობა საქართველოში).
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ცინცაძე ი., მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები (XII–XIII სს). თბ., 1960; ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957.