მონღოლთა ბატონობა საქართველოში

მონღოლთა ბატონობა საქართველოში, XIII–XIV სს-ში მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რ-იც გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას. მონღოლები პირველად 1220 გამოჩნდნენ საქართვ. საზღვრებთან. 1220–21 სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს და სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 ისინი კვლავ გამოჩნდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერად ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს – ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწ. ვეზირები თავდაპირველად ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა (1223–45) დასავლეთის ქრისტ. სახელმწიფოებისგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დამპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა (იხ. მონღოლეთ-საქართველოს ზავი 1243). რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად (იხ. დუმანი), რ-თა სათავეში დააყენეს ქართვ. ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთა ლაშქრობებით შეწუხებულმა ქართვ. მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს და კოხტასთავს შეიკრიბნენ სათათბიროდ (იხ. კოხტასთავის შეთქმულება). მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავი, შეთქმულნი დააპატიმრეს და აჯანყება ჩაშალეს. 1247 გუიუქ-ყაენმა 2 მეფე დაამტკიცა საქართვ. ტახტზე – დავით VII ულუ, ლაშას ძე და დავით VI ნარინი, რუსუდანის ძე. 1248 და 1249 წლებისათვის ისინი მონღოლეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ქვეყნის მართვას. 1254–58 ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რიცხვის დასადგენად არღუნ-ნოინმა საქართველოში აღწერა ჩაატარა. ამის შედეგად ქვეყანას დააკისრეს 90 ათ. მეომრის გამოყვანა და არაერთი ახ. გადასახადი (თამღა, თაღარი, მალი, საიამე, ულუფა, ყალანი, ყაფჩერი...), რ-ებიც ძვ. გამოსაღებებთან ერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას და საბოლოოდ აჩანაგებდა მას. გადასახადების აკრეფის უფლება ხშირად იჯარით გაიცემოდა, რაც კიდევ უფრო აუარესებდა გადამხდელის მდგომარეობას. ასეთ მეიჯარედ არღუნმა საქართველოში დატოვა მუსლიმანი ვაჭარი ხოჯა აზიზი.

1256-მდე მონღოლთა ხელისუფლება საქართველოში დიდი ყაენის მოხელეთა მეშვეობით ხორციელდებოდა. 1256 ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ ირანში საფუძველი ჩაუყარა ილხანთა, ანუ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, რ-თანაც საქართველო ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. ქვეყანაში იგზავნებოდა დამპყრობელთა ჯარი და მაღალი რანგის სამხ. მოხელე, რ-იც თვალყურს ადევნებდა მეფეთა მოქმედებას. რამდენადაც ირანი და სამხრ. კავკასია პირვანდელი განაწილების თანახმად ჯუჩის შთამომავლებს უნდა რგებოდათ, XIII ს. 60-იანი წლებიდან ხანგრძლივი ბრძოლა წარმოებდა ოქროს ურდოს მბრძანებლებსა და ილხანებს შორის. ამ ბრძოლის ასპარეზი საქართველო იყო, რაც დიდ ზარალს აყენებდა ისედაც გაპარტახებულ ქვეყანას. გახშირდა აჯანყებები დამპყრობელთა წინააღმდეგ. 1259 იფეთქა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ, რ-საც სათავეში ჩაუდგა დავით VI ნარინი. საგანგებოდ გამოგზავნილმა მონღოლთა ლაშქარმა ვერ შეძლო აჯანყების ჩაქრობა. დავით ნარინი დას. საქართველოში გადავიდა. 1260 დავით VII ულუც აჯანყდა და უარი განაცხადა მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე. აჯანყება უშედეგოდ დამთავრდა. 1264 დავით ულუ იძულებული გახდა შეთანხმებოდა მონღოლებს. სამეფო ორად გაყოფილი აღმოჩნდა. ამიერიდან დას. საქართველო აღარ ემორჩილებოდა მონღოლებს.

ქვეყანა მორჩილებაში რომ ჰყოლოდათ, დამპყრობლები ცდილობდნენ გადაებირებინათ ადგილ. ფეოდალები და სამღვდელოება, ხელოვნურად გამოეწვიათ ფეოდ. დაქსაქსულობა, მხარს უჭერდნენ ცალკეულ მთავართა სეპარატულ მისწრაფებებს. მონღოლთა ხანი ზოგჯერ თავის საკუთრებად აცხადებდა ამა თუ იმ მსხვილი ფეოდალის სამფლობელოს და საგადასახადო შეუვალობას ანიჭებდა მას, ანუ ხასინჯუდ აქცევდა. საქართვ. ფეოდალები ცდილობდნენ ხასობის მოპოვებას, რადგან ეს დიდად სასარგებლო იყო მათთვის. განსაკუთრებით საზიანო იყო საქართვ. ერთიანი სამეფოსთვის სარგის ჯაყელის სამფლობელოს გამოცხადება ხასინჯუდ (1266). ამით საქართველო ფაქტობრივად 3 პოლიტ. ერთეულად დაყოფილი აღმოჩნდა.

1273 მონღოლებმა კვლავ აღწერეს საქართველო. გაირკვა, რომ მისი დიდი ნაწილი აოხრებული იყო, განსაკუთრებით კახეთი და ჰერეთი. მდგომარეობა ქვეყნის შიგნით თანდათან მძიმდებოდა. მეფის უფლებები შეზღუდული იყო, ილხანის ნებართვის გარეშე მას ერისთავების შეცვლაც კი არ შეეძლო. გარდა ამისა, მეფე იძულებული იყო ანგარიში გაეწია მონღოლთა სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტ. დაპირისპირებისათვის. ასეთი ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა დემეტრე II-თვის, რ-საც არღუნ-ხანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობა დაბრალდა და ურდოში სიკვდილით დასაჯეს (1289). 1297 აღმ. საქართველოში კვლავ იფეთქა მძლავრმა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ დავით დემეტრეს ძის მეთაურობით (იხ. დავით VIII). აჯანყება ქვეყნის უდიდეს ნაწილს მოედო და დიდხანს გაგრძელდა. მონღოლებმა არაერთხელ გამოგზავნეს მის ჩასახშობად ლაშქარი, რ-ის თარეშმაც ძლიერ დააზიანა ქვეყანა. XIV ს. II ათეულში, როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდი იჯდა, გიორგი V-მ აქტიური მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები და ერისთავები, 1328 მან ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით, მონღოლთა ლაშქარი საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა (მისი რაოდენობა ყაზან-ყაენის დროიდან 120 თუმანსა და 2 ათ. დინარს შეადგენდა). ამიერიდან ქვეყანა ფაქტობრივად გათავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცა ფორმალურად ის კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა.

მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოში მეურნეობა მოიშალა, ქალაქები და სოფლები დაიცალა და გავერანდა, მოსახლ. ბრძოლებში გაწყდა ან გაიქცა; ვაჭრობა, აღებ-მიცემა ჩაკვდა, სახელოსნო წარმოება დაეცა და ქვეყანა დაქვეითების გზას დაადგა.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორია XIII–XIV სს., მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გაბაშვილი ვ., საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანგრძლივობის საკითხისათვის, «აღმოსავლური კრებული», 1960, [ტ.] 1; კიკნაძე რ., ახალი მასალა XIII ს. მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან, «მაცნე. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია», 1973, №4; მისივე, XIV ს. პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიიდან, კრ.: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976; ნინიძე დ., საქართველოს დაპყრობა მონღოლთა მიერ. ურთიერთობა მონღოლებთან. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1998; სიხარულიძე ი., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII–XIV სს., თბ., 1967; ღვაბერიძე ც., საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯელაირთა სახელმწიფოსთან, თბ., 1986; ცინცაძე ი., მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები, თბ., 1966, ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ. ტომად, ტ. 3,).

რ. კიკნაძე