მონღოლეთ-საქართველოს ზავი 1243, დაიდო რუსუდან მეფის ინიციატივით. მონღოლების მიერ აღმ. საქართველოს სრულად დაპყრობის და ევროპიდან დახმარების მიღების გეგმის ჩაშლის შემდეგ რუსუდანმა გადაწყვიტა მონღოლებთან საზავო პირობებზე მოლაპარაკების დაწყება. ამ მიზნით მონღოლების ადგილ. სარდლებთან მოციქულები წარგზავნა (შანშე, ვარამ და ავაგ მხარგრძელები, აგრეთვე ჰერეთის ერისთავი შოთა კუპრი), ამავე დროს მან უშუალოდ ბათო-ყაენს მიმართა, რომ უვნებლობის სიმტკიცის აღთქმა პირადად მისგან მიეღო და ოქროს ურდოში ვაზირთა უპირველესი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი არსენი დიპლ. მისიით წარავლინა. ამ საპასუხისმგებლო დავალების აღსრულებისა და არსენის დაბრუნების შემდეგ, საქართველოსა და მონღოლთა საყაენოს შორის საზავო შეთანხმება მოხერხდა. მ.-ს. ზ-ის პირობებით: 1. საქართველოს ხელისუფლებამ მონღოლთა ყაენის უზენაესობა ცნო; 2. მეფის ხელისუფლება და სამეფო ტახტი ხელუხლებელი დარჩა; 3. ქვეყნის ერთიანობა – „ყოველი საქართველო“ შენარჩუნდა; 4. მმართველობის სისტემაში არ მომხდარა მნიშვნელოვანი ცვლილებები; 5. რუსუდანს მიეცა თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში დაბრუნების უფლება; 6. საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდა სხვა მნიშვნელოვანი პუნქტებიც – მონღოლებმა „პატივი უყვეს მეფესა და მთავართა საქართველოსათა, მისცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშვილდე“ (ჟამთააღმწერელი); 7. საქართველოს ტახტის პრეტენდენტს მეფობის უფლება მონღოლებისაგან ეძლეოდა და ყაენის მიერ მტკიცდებოდა; ყაენი დავით რუსუდანის ძეს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდა; 8. დას. საქართველო, რ-იც მონღოლებს უშუალოდ არ დაუპყრიათ, მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. აღმ. საქართველოსგან განსხვავებით მონღოლთა უმაღლესი მოხელე და მათი ჯარი დასავლეთში არ ჩამდგარა, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფოს ნაწილს, რუსუდანის მმართველობის ხანაში, ლიხთიქითს ყაენისათვის ხარკი უნდა გადაეხადა; 9. საქართველოს დაეკისრა ხარკი 50 (40) ათასი პერპერა (ოქროს ფული); 10. საქართველოს სამეფოს დაევალა სამხედრო ძალის გამოყვანა და ლაშქრობებში მონღოლთა დროშით მონაწილეობა.
წყარო: პლანო კარპინი, ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, გ. ქიქოძის თარგმანი, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1942, ნაკვ. 2.
ლიტ.: საქართველოს ისტორია, ტ. 3, ლაშა გიორგის მეფობიდან საქართველოს ანექსიამდე, თბ., 2002; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 2., თბ., 1999; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982); ჯაფარიძე გ., ერთი ეპიზოდი მეფე რუსუდანისა და მონგოლების დიპლომატიური კონტაქტების ისტორიიდან, „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, ტ. 2, თბ., 1995.
ლ. მანიავა