მონუმენტური პროპაგანდა, მონუმენტური ხელოვნების განვითარების გეგმა, რ-იც წამოაყენა ვ. ლენინმა. მ. პ-ს საფუძველი ჩაეყარა სახალხო კომისართა 1918 წ. 12 აპრ. დეკრეტით „მეფეთა და მის დამქაშთა სახელზე აგებულ ძეგლთა აღებისა და რუსეთის სოციალისტური რევოლუციის აღსანიშნავ ძეგლთა პროექტების შემუშავების შესახებ“. დეკრეტი ითვალისწინებდა აღნიშნული ძეგლების აღებას და რევ. მონუმ. ხელოვნ. შექმნას. მ. პ-ის უმთავრესი მიზანი იყო მონუმ.-დეკორ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოყენება აგიტაციის საშუალებად. მას უნდა მიეზიდა შემოქმედებითი ინტელიგენცია და ჩაება საბჭ. ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში, აღეზარდა ხალხის მასები რევ.-ინტერნაციონალური სულისკვეთებით, განევითარებინა სინთეზური ხელოვნება (არქიტექტურისა და სახვ. ხელოვნ. გვერდით უნდა განვითარებულიყო ლიტ-რა, თეატრი, მუსიკა, ხალხ. სანახაობანი და სხვ.). მ. პ-ს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში. დასახული გეგმის შესრულებაში ჩაებნენ ქართვ. მხატვრები, დაიწყო კადრების მომზადება, შეიქმნა სააგიტაციო ბრიგადები, რ-ებიც ქმნიდნენ პლაკატებს, პანოებს, აწყობდნენ გამოფენებს წითელი არმიის ნაწილებში. მ. პ-მ საქართველოში გარკვეული ეროვნ. ელფერი მიიღო. რევ. თემატიკასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ეროვნ. თემებს. 1921 ივნისში გამოცხადდა ღია კონკურსი „თავისუფალი საქართველო“ კ. მარქსის, პარიზის კომუნისა და შოთა რუსთაველის მონუმენტთა პროექტებისათვის. 1921 წ. 21 სექტემბერს თბილისში რუსთაველის გამზირისა და გრიბოედოვის ქუჩის შესაყართან დაიდგა ვ. ლენინის, ბიუსტი (მოქანდაკე ვ. სერგეევი). მასვე ეკუთვნის თბილისში რ. ლუქსემბურგის და კ. ლიბკნეხტის ბიუსტები (1923), ქუთაისში – ა. წულუკიძისა და ფ. ენგელსის (1923), თბილისში – ა. წერეთლისა (1922) და ე. ნინოშვილის (1923) ბიუსტები, ასევე კამოს ძეგლი (1925; ყველას ავტორი ი. ნიკოლაძე). 1927 ზაჰესში დაიდგა ვ. ლენინის მონუმენტი (მოქანდაკე ა. შადრი), კომუნარების (ახლანდ. გ. ლეონიძის) ბაღში – ბ. ძნელაძის ქანდაკება (1930, მოქანდაკეები – კ. მერაბიშვილი და რ. თავაძე), 1933 – ა. ყაზბეგის (მოქანდაკე ვ. კოტეტიშვილი), 1935 მუშთაიდის პარკში – ვ. ლენინის (მოქანდაკე მ. ჭიაურელი) და ს. ორჯონიკიძის (მოქანდაკე ვ. მაღრაძე), 1936 ვერის ბაღში – ს. კიროვის (მოქანდაკე კ. მერაბიშვილი) და ვ. (ლადო) კეცხოველის (მოქანდაკე ვ. თოფურიძე) ძეგლები.
ამჟამად რევოლუციურ თემატიკასთან დაკავშირებული ძეგლებისა და ბიუსტების უმეტესობა აღებულია.
თ. გერსამია