მონტითი

მონტითი (Monteith) უილიამ (22. VI. 1790, პეიზლი, შოტლანდია, – 18. IV. 1864, ლონდონი), ინგლისელი მოგზაური, მზვერავი. საინჟინრო ჯარების გენ.-მ. (1847). 1810 ახლდა ირანში მისიით მყოფ სერ ჯონ მალკოლმს. იმავე წელს ირანის ტახტის მემკვიდრე აბას-მირზამ მ. გაგზავნა აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის სამხრ. სანაპიროს შესასწავლად. მონაწილეობდა აბას-მირზას წარუმატებელ ექსპედიციაში (1811) საქართველოში. მ. 20 წელი იმყოფებოდა ირანში, სადაც დაუახლოვდა აბას-მირზას, პირადად იცნობდა ი. პასკევიჩს, საფრ. კონსულს თბილისში – ჟ. გამბას, ერეკლე II-ის შვილს, ალექსანდრე ბატონიშვილს. მოიარა საქართველო და სომხეთი – თბილისი, მცხეთა სურამი, ქუთაისი, რედუტ-კალე (ყულევი), ფოთი, შუშა, განჯა, აღსთაფის ველი, დილიჟანი, სევანის ტბა, ერევანი, არარატი და სხვ. გეოგრ. ნარკვევში დაწვრილებით აღწერს მარშრუტის ცალკეულ პუნქტებს, დიდ ყურადღებას აქცევს ადგილ. სიძველეებს, იძლევა ეთნოგრ. ცნობებს. გამოცემის 2 ილუსტრაციაზე აღბეჭდილია სოხუმი-კალე და დარიალის გასასვლელი.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественики по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.

ც. ყიფიანი